თბილისის მერია დიღმის ტყე-პარკის ქალაქისთვის დაბრუნებას გეგმავს

თბილისის მერია მზადაა დიღმის ტყე-პარკში მიწის ნაკვეთები გამოისყიდოს, ან მათ მფლობელებს ალტერნატიული მიწის ნაკვეთები შესთავაზოს.
Sputnik

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების მფლობელები გააფრთხილა, რომ ისინი საკუთარ უძრავ ქონებას ვერ გამოიყენებენ და მათ მათი გამოსყიდვა შესთავაზა.

დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე კერძო მფლობელობაში 47 მიწის ნაკვეთია.

„ეს არის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა და მინდა აქედანვე გავაფრთხილო ყველა, რომ იქ რაიმე სახის მშენებლობა წარმოუდგენელია. ერთადერთი მხარე, ვინც დაინტერესებულია, რომ ეს ადგილები დაიბრუნოს, გამოისყიდოს და ადგილმონაცვლეობა გააკეთოს, დედაქალაქის მერიაა", – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა იმ მოქალაქეებს, ვინც დიღმის ტყე-პარკში მიწის ნაკვეთებს ფლობენ, ქალაქის მერიასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

„თბილისის ფილტვები“ პროფესიონალის თვალით

თბილისის მერია დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთების მფლობელებისთვის ალტერნატიული მიწის ფართობების გადაცემას გეგმავს.

„დედაქალაქის მერია გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს იმისთვის, რათა აღნიშნული მიწის ნაკვეთები ქალაქს დაუბრუნდეს და მომავალში იქ საუკეთესო დასასვენებელი სივრცე მოეწყოს", – აღნიშნა კალაძემ.

აგვისტოში კალაძემ განაცხადა, რომ დიღმის ტყე-პარკში „კია მოტორსის" შენობის ადგილზე მრავალფუნქციური კომპლექსი „ორანჟერეა" მოეწყობა. მისი სიტყვებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანია "ანაგმა" მიიღო, რომელიც 2011 წლიდან შენობის მფლობელია.

დიღმის ტყე-პარკს, სადაც იშვიათი სახეობის მცენარეები იზრდებიან და რომელიც უნიკალური ფლორით გამოირჩევა, 2009 წლის სექტემბერში საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი მიენიჭა.

დიღმის ტყე-პარკის ნაკვეთების გამოსყიდვის პროცესი ჯერ კიდევ დავით ნარმანიას დროს დაიწყო. 2017 წლის ივლისში ნარმანიამ განაცხადა, რომ ქალაქს გაყიდული ტყე-პარკის ნაწილი დაუბრუნდა. საუბარი ეხება 10 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთს. ნარმანიამ აღნიშნა, რომ კერძო მფლობელებთან რთული მოლაპარაკებები დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა და საბოლოოდ საკითხი ქალაქის სასარგებლოდ გადაწყდა.