თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ტელეკომპანია Imedi-ს ოპერატორები და მემონტაჟეები ხელფასების მომატების მოთხოვნით გაიფიცნენ.
არსებული ინფორმაციით, თანამშრომლებს ხელფასები თითქმის გაუნახევრეს, ხოლო ოპერატორების ნაწილი სამსახურიდან დაითხოვეს.
„თუ ხელფასებს არ მოგვიმატებენ, სამსახურს დავტოვებთ! გაფიცვა ოპერატორებმა დავიწყეთ და შემდეგ მემონტაჟეებმაც დაგვიჭირეს მხარი", - განაცხადა ტელეკომპანიის ერთ-ერთმა ოპერატორმა „Sputnik-საქართველოს" ჟურნალისტთან საუბრისას.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, არხის ხელმძღვანელობამ ოპერატორებს ტესტირება ჩაუტარა; შედეგების მიხედვით მათ ნაწილს ხელფასი შეუმცირდა.