ბახტაძემ გაეროს წევრებს საქართველოს მშვიდობიანი ინიციატივა გააცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში „მშვიდობის სამიტზე" სიტყვით გამოვიდა.
Sputnik

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაეროში „მშვიდობის სამიტის" მონაწილეებს ქართული მხარის მშვიდობიანი ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" გააცნო, ნათქვამია მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ბახტაძის წინამორბედს გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის. ის მოწოდებულია, დააახლოოს აფხაზეთისა და ცხინავლის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებთან მცხოვრები მოსახლეობა ერთმანეთთან და ითვალისწინებს საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები თანამემამულეებისთვის იმ პრიორიტეტების გაზიარებას, რაც საქართველომ რეფორმების პროცესში და ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მიიღო.

„საქართველოს მთავრობამ 2018 წლის აპრილში მნიშვნელოვანი მშვიდობიანი ინიციატივა გამოაცხადა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ". მის ფარგლებში კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ ჰუმანიტარული, სოციალური და ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად კონფლიქტის გავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის", – განაცხადა ბახტაძემ.

„მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს" - პრემიერი კონფლიქტების მოგვარებაზე

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების – თავისუფლებისა და პატივისცემის უფლებების აღსადგენად მნიშვნელოვანია ერთობლივი ძალისხმევა.

„მშვიდობის სამიტი" ცნობილი სამხრეთაფრიკელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის ნელსონ მანდელას ხსოვნას მიეძღვნა.

მშვიდობიან ინიციატივაზე ისაუბრა ბახტაძემ ასევე გაეროს გენერალურ მდივან ანტონიუ გუტიერეშთან შეხვედრაზე. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანაში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისკენ ისწრაფვის და ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

ბახტაძემ გუტიერეში საქართველოში მოიწვია. გაეროს გენერალურმა მდივანმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველო ორგანიზაციის მეგობარია. მან განაცხადა, რომ მზადაა, თბილისს პირველივე ხელსაყრელ შემთხვევაში ეწვიოს.

ბახტაძე აშშ-ში სამუშაო ვიზიტით 17 სექტემბრიდან იმყოფება. პრემიერმა ვაშინგტონში რიგი მაღალი დონის შეხვედრები გამართა, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან და პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ ბოლტონთან.

„უკმაყოფილების მიზეზი არ არსებობს" – ევროკომისარმა საქართველოს წარმატებები შეაფასა>>

გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში პრემიერმა მოლაპარაკებები გამართა ევროკავშირის ევროკომისარ ფედერიკა მოგერინისთან, კორპორაცია „ათასწლეულის გამოწვევების" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ბროკ ბიერმანთან, ასევე თავის ბულგარელ და ესტონელ კოლეგებთან – ბოიკო ბორისოვთან და იური რატასთან.

ბახტაძე ასევე შეხვდა სტუდენტებს საქართველოდან და მათ განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო.