როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან გრიპი, როდის ტარდება შესაბამისი აცრა და ვინ უნდა აიცრას პირველ რიგში, ამის შესახებ მედიცინის აკადემიური დოქტორი, „ავერსის“ კლინიკის პედიატრიული სამსახურის უფროსი თამარ ობგაიძე საუბრობს.
– რა არის გრიპი?
– გრიპი არის სასუნთქი გზების ინფექციათა შორის ყველაზე მძიმე, წინასწარ განუჭვრეტელი შედეგების, ხშირი გართულებების მქონე დაავადება, რომელსაც გრიპის სხვადასხვა ჯგუფის ვირუსები იწვევენ. ამ ვირუსებს ერთი თავისებურება აქვთ – სწრაფად იცვლიან თავიანთ ანტიგენურ ბუნებას, შესაბამისად, სხვადასხვა სახით და სიმძიმით გვევლინებიან და ახალ-ახალ პრობლემას ქმნიან.
გრიპის ვირუსისგან თავდაცვის ჯერჯერობით ყველაზე ეფექტური მეთოდი ყოველწლიური ვაქცინაციაა. ის ემყარება ვაქცინაციის ზოგად პრინციპს – ორგანიზმში შეგვყავს ვირუსის დასუსტებული ფორმა, რომელიც დაავადებას ვერა, მაგრამ იმუნიტეტის გამომუშავებას იწვევს.
– როდის ტარდება აცრა?
– მანამ, სანამ გრიპის სეზონი დადგება, ეს კი ძირითადად ზამთარში ხდება, ამიტომ ვაქცინაციისთვის საუკეთესო პერიოდი სექტემბერი-ოქტომბერია. იმუნიტეტის სრულყოფილ წარმოქმნას ერთი თვე სჭირდება, ასე რომ, რაც ადრე ჩაიტარებთ აცრას შემოდგომაზე, მით უფრო მომზადებული იქნებით.
– თუ გრიპის ვირუსი ცვალებადობს, როგორ იცვლება ვაქცინა?
– მთელი წლის მანძილზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში გროვდება ინფორმაცია მოსალოდნელი ვირუსების შესახებ პლანეტის ორივე ნახევარსფეროდან, საბოლოოდ ხდება ვირუსების პროგნოზირება, დამუშავებული ინფორმაცია გადაეცემა ვაქცინის მწარმოებელ ქარხნებს და ზაფხულში ეს პროცესი სრულდება.
სექტემბრიდან ვაქცინა სხვადასხვა ქვეყანაში ნაწილდება და ამ გზით მოსახლეობამდე მიდის. ასე რომ, ვაქცინის შემადგენლობა ყოველწლიურად ახლდება. ვაქცინაციის შემდეგ იმუნიტეტი ერთ წლის მანძილზე შენარჩუნებულია.
– ვინ უნდა აიცრას პირველ რიგში?
– ისინი, ვისაც გრიპი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემას შეუქმნის – ბავშვები და მოზრდილები სასუნთქი, გულ-სისხლძარღვთა, საშარდე სისტემის ქრონიკული ავადმყოფობებით, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები, პირები სხვადასხვა იმუნოდეფიციტით, მათ შორის აივ-ინფიცირებულები, ხანდაზმულები, საზოგადოებასთან მაღალი კონტაქტის მქონე ადამიანები (ექიმები, მედდები, მასწავლებლები) და, ბოლოს, ისინი, ვისაც უბრალოდ გრიპით ავადობა არ უნდათ.
– რატომ არ კეთდება ვაქცინა ექვს თვემდე?
– ექვს თვემდე ასაკში ჯერ კიდევ ნარჩუნდება დედიდან მუცლად ყოფნის პერიოდში და ძუძუს წოვებისას გადასული ანტისხეულები, რაც ბავშვს დაავადებისგან იცავს.