ნინოწმინდაში სლოტ-კლუბის დაყაჩაღების ბრალდებით 24 წლის ახალგაზრდა დააკავეს

დამნაშავემ სლოტ-კლუბის ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ფული გამოსტაცა.
Sputnik

თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქალაქ ნინოწმინდაში ყაჩაღობის ბრალდებით 24 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 22 სექტემბერს ნიღბიანმა დამნაშავემ თავისუფლების ქუჩაზე მდებარე სლოტ-კლუბი „ვულკანის“ ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ფული გამოსტაცა.

შსს-მ სამეგრელოში ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. მისი პირადი ჩხრეკისას გატაცებული თანხა, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი დანაშაულის ჩადენის იარაღი – ТТ სისტემის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 179-ე მუხლით („ყაჩაღობა“), რაც ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.