წყალტუბოს საბავშვო ბაღებში ბავშვთა ინტოქსიკაციის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ბავშვთა ინტოქსიკაციის ფაქტები  წყალტუბოს რაიონის ექვს სოფელში დაფიქსირდა
Sputnik

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყალტუბოს საბავშვო  ბაღებში აღსაზრდელების მოწამლვის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია  Imedi.

ქუთაისის ერთ–ერთ კლინიკაში წყალტუბოს საბავშვო  ბაღებიდან მოწამლვის ნიშნებით ექვსი აღსაზრდელი მოათავსეს. ინტოქსიკაციის დიაგნოზით ბავშვები საავადმყოფოში გუშინ გვიან საღამოდან დილამდე ეტაპობრივად გადაჰყავდათ. 

ინტოქსიკაცია წყალტუბოს საბავშვო ბაღში - 11 ბავშვი საავადმყოფოში მკურნალობს

გამოძიება სსკ–ის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადებას გულისხმობს, რაც ითვალისწინებს ჯარიმას, თავისუფლების შეზღუდვას სამ წლამდე ვადით ან თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.

შსს-ს განცხადებით, საქმე გამოსაძიებლად ფინანსთა სამინისტროს შესაბამის უწყებას გადაეგზავნება, რომელიც გამოძიებაში, სავარაუდოდ, დღის ბოლოდან ჩაერთვება.  

კლინიკაში, სადაც ექვსი ბავშვი მკურნალობს, აღნიშნეს რომ მათ იგივე სიმპტომები აქვთ, რაც იმ 11 ბავშვს აღენიშნებოდათ, რომლებიც საავადმყოფოში მანამდე მოათავსეს.

ოთხი მათგანი უკვე საავადმყოფოდან გაწერეს, დანარჩენი შვიდი ბავშვი კი მკურნალობის კურსს ამ დრომდე გადის. 11–ვე ბავშვი სოფელ გეგუთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელია. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ სოფელ გეგუთის მსგავსად ინტოქსიკაციის  ფაქტები დაფიქსირდა წყალტუბოს რაიონის კიდევ ხუთ სოფელში.

წინასწარი ინფორმაციით, ბავშვებს შიგელოზი (დიზენტერია – რედ.)  დაუდგინდათ, რაც იგივე ნაწლავური ინფექციაა, რომლის გამომწვევი მიზეზი, შესაძლოა, ბოსტნეული ან რძის ნაწარმი იყოს.

მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით წყალტუბოს რაიონის საბავშვო ბაღები დაიხურა.