„ფესტივალი - თბი-ლისი“ განახლდა - დასწრება თავისუფალია

ფესტივალი ყოველი თვის ბოლო შაბათს გაიმართება და ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
Sputnik

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით, ლისის ტბაზე ფესტივალი „თბი-ლისი“ განახლდა, ნათქვამია ფესტივალის სოციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ფესტივალი „თბი-ლისი“ 28 აპრილს დაიწყო. ფესტივალი სხვადასხვა აქტივობას მოიცავს და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მასობრივი სპორტის განვითარებას, სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაციას და მოქალაქეების დასვენების, გართობისა და სპორტული აქტივობისთვის საჭირო გარემოს შექმნას. ამასთან, სპორტული ნაწილის გარდა, ფესტივალი სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო აქტივობებსაც მოიცავს.

„ღამის ავტობუსში“ მგზავრებს სკამებზე წიგნები დახვდებათ

სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალ, ასევე მოყვარულ სპორტსმენებს.

22 სექტემბერს, საფესტივალო დღეს 18:00 საათამდე გაიმართება ტურნირები სპორტის შემდეგ სახეობებში:

• კალათბურთი-"თბილისის მერიის თასი 2018"

• ბუშტების ფეხბურთი

• მაგიდის ჩოგბურთი

• კარატე (საჩვენებელი თამაში)

• მფრინავი დისკი

• მკლავჭიდი

• აკრობატიკა

• მხატვრული ტანვარჯიში

• ქუჩის ფეხბურთი

• ფრენბურთი

ფესტივალი ყოველი თვის ბოლო შაბათს გაიმართება და ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება. დღეს ფესტივალს 18:00 საათზე დაასრულებს ჯგუფი „არა"-ს კონცერტი, DJ BACHO და ფოიერვერკი. დასწრება თავისუფალია.