საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთაური საქართველოში გატარებული რეფორმებით კმაყოფილია

საქართველოს ხელისუფლება გონივრულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს, მიაჩნია კრისტინ ლაგარდს.
Sputnik

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ხელმძღვანელ კრისტინ ლაგარდისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის შეხვედრაზე საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობა განიხილეს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სავალუტო ფონდმა საქართველოს სტრუქტურული პროექტების დასაჩქარებლად თანხა გამოუყო

ეს აშშ-ში მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტია. ნიუ-იორკში ბახტაძე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.

„პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ და მე განვიხილეთ პროგრესი ეკონომიკური რეფორმების პროგრამის ფარგლებში, რომელიც სსფ-ის მხარდაჭერით განხორციელდა 285 მლნ დოლარის გაფართოებული დაკრედიტების მექანიზმით. საქართველოს პრემიერს აღვუთქვი, რომ მთელი გულისყურით შევისწავლით მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და განათლების სფეროში შესატყვისი ინვესტიციების ერთობლიობას, რათა ამ განზრახვისთვის გონივრული ფისკალური სივრცე იქნეს უზრუნველყოფილი", - განაცხადა კრისტინ ლაგარდმა მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ.

მისი სიტყვებით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ინვესტიციების, განათლებისა და კონკურენტუნარიანობის მხარდასაჭერი მომავალი რეფორმების მნიშვნელობა.

ახალი სამწლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისკენაა მიმართული, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა. შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოსთვის დაახლოებით 297 მილიონი დოლარის გამოყოფას, საიდანაც 125 მილიონზე მეტი საქართველომ უკვე მიიღო.

თანხის დანარჩენ ნაწილს საქართველო ორი წლის განმავლობაში, ოთხი მიმოხილვის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მიიღებს.