გიორგი მარგველაშვილმა სომხეთის პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

სომეხი ხალხი დამოუკიდებლობის დღეს 21 სექტემბერს აღნიშნავს.
Sputnik

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სომეხ კოლეგას, არმენ სარქისიანს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, მსურს გულითადად მოგილოცოთ სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის დღე“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტი ერევანში ფრანკოფონიის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სომეხმა ხალხმა უამრავი გამოწვევა გამოიარა, რათა აეშენებინა წარმატებული და დამოუკიდებელი სახელმწიფო.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და აღვნიშნო, რომ საქართველოსა და სომხეთის მეგობრობა ღრმა ისტორიულ და კულტურულ ტრადიციებს ეფუძნება. მჯერა რომ, საერთო ძალისხმევით, ჩვენ შევძლებთ ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებული სირთულეების დაძლევას და მომავალში ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ“, - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

მამუკა ბახტაძე ერევანს ოქტომბერში ეწვევა >>

გიორგი მარგველაშვილმა სომეხ ხალხის მიმართ პატივისცემა გამოხატა და მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

სომეხი ხალხი დამოუკიდებლობის დღეს 21 სექტემბერს აღნიშნავს.

 საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დამყარდა. მხარეები თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროებში, განსაკუთრებით, ვაჭრობის მიმართულებით. ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი მოქმედებს და სომხეთი საქართველოს ძირითადი პარტნიორი ქვეყნების ათეულში შედის.