ტურისტული ზონა ენგურჰესზე – მსოფლიო დონის პროექტი დასრულებულია

უკვე მზადაა მრავალმილიონიანი პროექტი, რომელიც ენგურჰესის კაშხლის ტურისტულ მიმართულებად ქცევას ითვალისწინებს.
Sputnik

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. სამხრეთ კავკასიის უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის - ენგურჰესის ტერიტორიაზე ტურისტული ზონის მოწყობის პროექტი დასრულებულია, ნათქვამია „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ენგურჰესი უნიკალური ტექნიკური და საინჟინრო კომპლექსია. აქ იგეგმება სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცის, ღია საკონცერტო მოედნისა და საბაგირო გზის მოწყობა.

„ენგურის კაშხალზე მსოფლიო დონის სანახაობის შექმნა იგეგმება. მთელი წლის განმავლობაში იფუნქციონირებს შემეცნებით-გასართობი და კულტურულ ცენტრები, რაც ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს საგრძნობლად გაზრდის. კაშხლის ტერიტორიაზე მოეწყობა ინტერაქტიულ აღმოჩენათა ცენტრი, გასართობი და სათავგადასავლო ტიპის ატრაქციები", – აღნიშნულია განცხადებაში.

„ენგურჰესის" კაშხალს 2015 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც საქართველოს ინდუსტრიული მემკვიდრეობის განვითარებას ისახავს მიზნად. კაშხლის სიმაღლე 271,5 მეტრია, ხოლო სიგრძე – 728 მეტრი.

ტურისტული ზონის დაპროექტებაზე 2017 წელს დაახლოებით 2 მლნ ლარი გამოიყო. წინასწარი გათვლებით, ტურისტული ზონა წელიწადში დაახლოებით 400 ათას ტურისტს მოემსახურება.

„ენგურჰესის" კაშხალი მსოფლიოს თაღოვანი კაშხლების ხუთეულში შედის. ის 1970-იან წლებში აშენდა. ამ დროისათვის საწარმოს დადგმული სიმძლავრე 1300 მეგავატია, რაც ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს.

„ენგურჰესის" კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მართვის პულტი კი აფხაზურ მხარესაა.