თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ევროპის კავშირის ახალგაზრდა მეცნიერთა 30-ე კონკურსზე ქალთა გუნდმა საქართველოდან მესამე ადგილი დაიკავა. ამაზე მეტყველებს კონკურსის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემები.
კონკურსში მსოფლიოს 38 ქვეყნის 139 წარმომადგენელი მონაწილეობდა. საქართველოს წარმოადგენდნენ მარინა გუჯაბიძე, შორენა გუჯაბიძე, დეა ილარიონოვა, ევა ხუხაშვილი, თამარ მიქელაძე, ნინო ხუნძაკიშვილი, ანი თეთრაშვილი და მათი ხელმძღვანელი მარინა გვიმრაძე.
საუკეთესო ნამუშევართა შორის აღმოჩნდა დების მარინა და შორენა გუჯაბიძეებისა და მათი თანაკლასელის დეა ილარიონოვას გამოგონება, რომელიც უხილავის დანახვის საშუალებას იძლევა - ხელის დეტექტორი რეტროამსახველი მოზაიკური ეკრანით ოპტიკური არაერთგვაროვნების ვიზუალიზაციისთვის.
მოზაიკური ეკრანის წყალობით შლირენის ეფექტის ვიზუალიზაციისთვის შესაძლებელია ბუნებრივი აირის გაჟონვის აღმოჩენა, ან ვულკანის ამოფრქვევის პროგნოზირება. ამას გარდა, ამ გამოგონების გამოყენება შესაძლებელია აეროდინამიკაში, ატმოსფეროს დაბინძურების შესწავლაში, ბალისტიკაში, სარეკლამო ბანერების დიზაინში და ბევრი სხვა დანიშნულებით.
შლირენის მეთოდი - ესაა ოპტიკური არაერთგვაროვნების აღმოჩენის ხერხი გამჭვირვალე გარემოში და ამრეკლი ზედაპირების დეფექტების გამოვლენის საშუალება. ამ მეთოდმა განსაკუთრებით ფართო გამოყენება ჰპოვა საჰაერო სივრცეში სხვადასხვა პროცესის ვიზუალიზებისთვის.
ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების მოზაიკური ეკრანი ბევრად იაფია, ვიდრე შლირენის ეფექტის შესაქმნელად საჭირო ჩაზნექილი გრძელფოკუსიანი სარკე. ამ სარკის ფასი 300 დოლარიდან იწყება. მოზაიკური ეკრანი შედგება სხვადასხვა დიამეტრის მქონე პატარა გამჭვირვალე ლინზებისგან, რომლებიც განლაგებულია იმ კანონზომიერებით, რომელიც გოგონებმა აღმოაჩინეს და გამოთვალეს.
ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსი ევროპული კომისიის მიერ ინიცირებული სამეცნიერო გამოფენაა. ის 1989 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს ახალგაზრდა მეცნიერებს შორის თანამშრომლობის განვითარებასა და გამოცდილების გაზიარებას.