თბილისში მძღოლმა პროტესტის ნიშნად ვენები გადაიჭრა და ბენზინი გადაისხა

ლილოს ტერმინალში მომიტინგეები ხორბლის ავტოტრანსპორტით გადატანის აკრძალვას აპროტესტებენ.
Sputnik

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ლილოს ტერმინალში საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ვენები გადაიჭრა და ბენზინი გადაისხა.

„საქართველოში ხორბლის იმპორტზე შეზღუდვა წლის ბოლომდე გადავადდა">>

საპროტესტო აქციას ხორბლის იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები, კერძოდ, ტრაილერების მძღოლები მართავენ. გუშინ საქართველოს ხელისუფლებამ ხორბლის, ან ხორბლისა და ჭვავის ფქვილის ავტოტრანსპორტით გადაზიდვის აკრძალვა წლის ბოლომდე გადადო, მაგრამ ეს მომიტინგეებისთვის საკმარისი არ არის. მათი განცხადებით, წლის ბოლომდე ისინი ბანკებში კრედიტების დაფარვას ვერ მოასწრებენ.

ქართულ ხორბალს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ამჟამად მამაკაცი, რომელმაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა, შენობის სახურავზეა და სამედიცინო დახმარებაზე უარს ამბობს. ამასთან, ის იმუქრება, რომ თავს დაიწვავს, თუ ადგილზე ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი არ მივა.

მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო ბრიგადები.

საქართველოს მთავრობამ ხორბლისა და ფქვილის ტრანსპორტირება ავტოტრანსპორტით თავდაპირველად 15 სექტემბრიდან აკრძალა. მოგვიანებით ეს აკრძალვა ჯერ 1 ოქტომბრამდე, შემდეგ კი, პროტესტანტების ზეწოლით, წლის ბოლომდე გადადო.