ტაიფუნ „მანგჰუტის" შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 81-ს მიაღწია

ყველაზე მეტი მსხვერპლი კორდილიერის ადმინისტრაციულ რეგიონში დაფიქსირდა, რომელიც სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა.
Sputnik

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ფილიპინებზე ტაიფუნ „მანგჰუტის" შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 81-ს მიაღწია, დაშავებულთა რაოდენობამ კი 71-ს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости პორტალ Rappler-ზე დაყრდნობით.

ფილიპინებზე ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 65-ს მიაღწია

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 74 ადამიანი დაიღუპა, 74 დაშავდა, 55 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.

პორტალის ინფორმაციით, ყველაზე მეტი მსხვერპლი კორდილიერის ადმინისტრაციულ რეგიონში დაფიქსირდა, რომელიც სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა. ამ დროისთვის კიდევ 70 ადამიანის სამძებრო ღონისძიებები ტარდება.

ძლიერმა ტაიფუნმა „მანგჰუტმა" ფილიპინების ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს პარასკევს, საღამოს მიაღწია. ატმოსფერული, გეოფიზიკური და ასტრონომიული სამსახურის (PAGASA) ცნობით, არქიპელაგის ზოგიერთ კუნძულზე ქარის სიჩქარე საათში 170 კილომეტრს, ხოლო ლუსონის ჩრდილოეთით ტალღის სიმაღლე 6 მეტრს აღწევდა.

ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, ტაიფუნი რეგიონში მცხოვრებ 800 ათასზე მეტ ადამიანს შეეხო, ამ დროისთვის მათი ნაწილი ევაკუაციის ცენტრებშია გადანაწილებული. ჩინეთში ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაინგრა ათასზე მეტი შენობა, დაზიანდა დაახლოებით 4,3 ათასი ნაგებობა. რესპუბლიკის ხელისუფლების მონაცემებით, ტაიფუნის შედეგად ზარალმა 750 აშშ მილიონ დოლარს გადააჭარბა.