თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ შესყიდვასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ტელეკომპანიის ცნობით, საუბარია შპს „ლენდ მარკ პროჯექტთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც ლეონიძის ქუჩაზე სამინისტროსთვის გადაცემული შენობის რეაბილიტაციისთვის საპროექტო სამუშაოს შესყიდვას ითვალისწინებდა.
721 954 ლარის ღირებულების ხელშეკრულება 2017 წლის 4 აგვისტოს გაფორმდა, შპს „ლენდ მარკ პროჯექტი“ კი ერთი დღით ადრე, 3 აგვისტოს შეიქმნა.
შესყიდვასთან დაკავშირებით შესაძლო დარღვევები აუდიტის სამსახურმა აღმოაჩინა და საგამოძიებო უწყებას გადაუგზავნა.
ამ საქმესთან დაკავშირებით საყურადღებო კიდევ ისაა, რომ შპს „ლენდ მარკ პროჯექტის“ მფლობელი ავთანდილ მახარობლიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის ძმაა. თუმცა, მინისტრის მოადგილემ ტელეკომპანიას განუცხადა, რომ „ამ ყველაფრის საქმის კურსში არ იყო“.