Ил-20-ის ჩამოგდება სირიაში: ისრაელის ქმედებებს რუსეთმა შეიძლება პასუხი გასცეს

რუსეთმა სირიაში რუსი სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა.
Sputnik

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ისრაელის თავდაცვის მინისტრთან ავიგდორ ლიბერმანთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთი ისრაელის მიმართ საპასუხო ნაბიჯების გადადგმის უფლებას იტოვებს, იუწყება საინფორმაციო საგენტო РИА Новости.

მოსკოვი ამტკიცებს, რომ ისრაელის მფრინავები რუსულ Ил-20-ს ამოეფარნენ და თვითმფრინავი სირიის საჰაერო ძალების დარტყმის ქვეშ დააყენეს. ამიტომაც რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებასა და მთლიანი ეკიპაჟის დაღუპვაზე პასუხისმგებლობა ისრაელის მხარემ უნდა აიღოს.

გარდა ამისა, შოიგუმ აღნიშნა, რომ მოსკოვმა არაერთხელ მოუწოდა ისრაელს თავი შეეკავებინა სირიის მიმართულებით იერიშის განხორციელებაზე, რაც რუს სამხედროებს ემუქრება.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების უპასუხისმგებლობამ რუსეთის 15 მოქალაქე შეიწირა. მისი სიტყვებით, ისრაელის თავდაცვის უწყება ორმხრივი პარტნიორობის სულისკვეთებას არ პასუხობს.

პესკოვი განმარტავს: სირიის საკითხი თეირანის სამიტის მთავარი თემა გახდება

ისრაელის თავდაცვის სამინისტროში შოიგუსა და ლიბერმანს შორის გამართული სატელეფონო საუბარი დაადასტურეს, თუმცა საუბრის შინაარსის გამოქვეყნებაზე უარი განაცხადეს.

Ил-20-ის ჩამოგდება

Ил-20 რადარებიდან იმ დროს გაქრა, როდესაც ისრაელის საჰაერო ძალების ოთხმა გამანადგურებელმა F-16-მა იერიში მიიტანა სირიის პროვინცია ლატაკიაზე, სადაც ასევე მდებარეობდა ფრანგული ფრეგატი Auvergne. რუსულ Ил-20-ის ეკიპაჟთან კავშირი, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში სირიის სანაპიროდან 35 კილომეტრში იმყოფებოდა, 23:00 საათზე შეწყდა.

თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ისრაელის მფრინავებმა თავიანთი ქმედებით დარტყმის ქვეშ დააყენეს რუსული თვითმფრინავი. დაიღუპა 15 რუსი სამხედრო მოსამსახურე.

ამასთან, ისრაელმა დაგეგმილი ოპერაციის შესახებ რუსული სარდლობა არ გააფრთხილა.