ანდრო სოლომანაშვილი 14 წლისაა. ეგზოტიკური ცხოველები პატარაობიდან იზიდავს. ისინი ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდნენ მასში. დღეს ანდროს სახლში ბინადრობენ ძაღლი, გველი, კრევეტები და თევზები. თავდაპირველად მშობლები წინაღმდეგი იყვნენ მისთვის გველი შეეძინათ, თუმცა, შვილს მაინც აუსრულეს ოცნება და გველი უყიდეს. საკუთარი გატაცების შესახებ ანდრო თავად მოგიყვებათ.
- ვსწავლობ იუნკერთა სახელობის 52–ე საჯარო სკოლაში. დავდიოდი კარატეზე, ცურვაზე. ასევე ვუკრავ გიტარაზე და უკულელეზე, მაგრამ ჩემი საყვარელი სფერო ზოოლოგიაა, კერძოდ, ჰერპეტოლოგია (ქვეწარმავლებისა და ამფიბიების შემსწავლელი მეცნიერება). თავისუფალ დროს მიყვარს ლისის ტბაზე ასვლა და ცხოველებზე დაკვირვება. ასევე გატაცებული ვარ ფოტოგრაფიით და მაქვს საკმაოდ ცხოველების ბევრი ფოტო.
- ცხოველები როდის შეგიყვარდა, რამ განაპირობა შენი მათდამი სიყვარული?
- არ მახსოვს როდის გამიჩნდა ცხოველებისადმი ინტერესი. ალბათ, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლად, სატელევიზიო არხების გადართვა ვისწავლე და „ენიმალ პლანეტის“ ყურება დავიწყე.
- დღეს რა ცხოველები ბინადრობენ შენს სახლში?
- დღესდღეობით ჩემს სახლში ბინადრობენ ძაღლი, გველი, კრევეტები და თევზები. ძაღლი რვა წლის წინ ვიყიდეთ, ხუთი კრევეტი მეგობარმა მაჩუქა და შემდეგ გამრავლდნენ. ახლა უკვე 50-ზე მეტი არიან. თევზები კი ვიყიდე. ყველაზე რთული გველის შეძენა გახდა, რადგან საქართველოში ტერარიუმი განვითარებული არ არის. იშვიათად თუ წააწყდები განცხადებას, სადაც ყიდიან გველს მისაღებ ფასად, თუმცა, მაინც ვიპოვე ადამიანი, ვისგანაც გველის ყიდვა მოვახერხე.
- როგორ უვლი და დღის განმავლობაში რა დროს უთმობ მათ მოვლას?
- ცხოველები, რომლებიც მე მყავს, არ საჭიროებენ მოვლის მხრივ დიდი დროის ხარჯვას. თევზები და კრევეტები ერთ აკვარიუმში მყავს. დღეგამოშვებით ვუყრი მათ საერთო საჭმელს და კვირაში ერთხელ ვუცვლი წყალს. გველის მოვლაშიც არ არის არაფერი რთული – დღეში ერთხელ დანამვა და ჯამში წყლის გამოცვლა, კვირაში ერთხელ თაგვით კვება, თვეში ერთხელ ტორფის დასუფთავება და ნათურის საშუალებით საჭირო ტემპერატურის დაცვა. ტერარიუმში არის ყველაფერი, რასაც საჭიროებს გველი. ძაღლის მოვლაში კი მშობლები მეხმარებიან.
- შენი ოჯახის წევრები როგორ უყურებენ შენს გატაცებას?
- ჩემი მშობლები შეძლებისდაგვარად მხარს მიჭერენ ჩემს გატაცებაში. თავიდან გველის ყოლის იდეა რომ გამიჩნდა, მშობლები უარზე იყვნენ, მაგრამ შემდეგ აზრი შეიცვალეს და გველის ყოლის ნება დამრთეს. რასაკვირველია, ნაწილობრივ აქვთ შიში, რადგან ხანდახან უწყინარი ნაკბენების მსხვერპლი ვხდები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ცხოველებთან კონტაქტს არ მიკრძალავენ.
- ანდრო, როგორ მიიღე საჭირო ინფორმაცია ქვეწარმავლების შესახებ?
- ინფორმაციას ქვეწარმავლების შესახებ უმეტესად ვიღებ გადაცემებიდან, ინტერნეტ–გამოცემებიდან, ენციკლოპედიებიდან და „იუთუბის“ არხიდან. სამწუხაროდ, ამ დარგის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ქართულ ენაზე, ფაქტობრივად, შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, გადაცემების ყურება და კითხვა რუსულ და გერმანულ ენებზე მიწევს.
- ძალიან ბევრს ეშინია ქვეწარმავლების. როგორ უნდა დაძლიონ ეს შიში?
- ხშირად მიწევს კონტაქტი ადამიანებთან, რომლებსაც ქვეწარმავლების შიში აქვთ. შეძლებისდაგვარად ვცდილობ მათი აზრის შეცვლას. მათ დასარწმუნებლად მომყავს სხვადასხვა არგუმენტები. მაგალითად ის, რომ გველები ადამიანს თავს მხოლოდ თავდაცვის მიზნით ესხმიან და ნაკბენების უმეტესობა ხდება გველის მოკვლის მცდელობისას. დაახლოებით 1500 გველის სახეობიდან მხოლოდ 350-მდე სახეობის ნაკბენია საშიში. გველების შხამი არის სამედიცინო პრეპარატების ერთ-ეთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, ასევე გველები არიან საკვები ფაუნის სხვა წარმომადგენლებისთვის, მაგალითად, არწივებისა და მელიებისთვის. გარდა ამისა, ისინი არეგულირებენ მღრღნელების რაოდენობას, აქედან გამომდინარე, გველები არიან კვებითი ჯაჭვის განუყოფელი წევრები.
- რა შემთხვევაშია ქვეწარმავალი საშიში და სახიფათო?
- ქვეწარმავლები სახიფათოები მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდებიან, როცა გრძნობენ, რომ მათ სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრებათ. მაგალითად, როცა ადამიანი მათ ფეხს აბიჯებს ან მოკვლას ცდილობს. გველის დანახვისას უნდა შევინარჩუნოთ სიწყნარე, გადავდგათ ნაბიჯი უკან და ავუაროთ გვერდი. ნაკბენის შემთხვევაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავიჭიროთ თოკი ან ქამარი ნაკბენ ადგილას. ასევე არ არის რეკომენდირებული ალკოჰოლის მიღება. პანიკას არ უნდა ავყვეთ, აუცილებელია დავლიოთ რაც შეიძლება მეტი წყალი და გამოვიძახოთ „სასწრაფო დახმარება“. გახსოვდეთ, გველს უფრო ეშინია ადამიანის, ვიდრე ადამიანს გველის.
- არის ცხოველი, სახეობა, რომლის ყოლაზეც ოცნებობ?
- ამ ეტაპზე მაქვს სურვილი მაქვს, რომ ხის ბაყაყები – Telloderma corticale და Phyllomedisa bicolor – მყავდეს. გველებიდან კი ინდონეზიური წყლის პითონისა და ჩვეულებრივი მახრჩობელას ყოლის სურვილი მაქვს.