ვინ გაემგზავრება ვენეციის ბიენალეზე: საქართველოში კონკურსი გამოცხადდა

ვენეციის ბიენალეზე საქართველოსთვის 74 კვადრატული მეტრის ფართობის პავილიონი გამოიყო
Sputnik

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ვენეციის 58-ე ბიენალეზე პროექტების კონკურსი, რომელიც საქართველოდან მონაწილეს გამოავლენს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზაციამ „შემოქმედებითი საქართველო“ გამოაცხადა.

ვენეციის ბიენალე — ერთ-ერთი უძველესი და უდიდესია მსოფლიოში: ის კინემატოგრაფის დაარსების წელს, 1895 წელს შეიქმნა. თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გამოირჩევა მონაწილეთა წრის განახლებით, თემები და კონცეფციები წლიდან წლამდე იცვლება.

ვენეციის ბიენალეზე საქართველოს ვაჟიკო ჩაჩხიანი წარადგენს

58-ე ბიენალე ვენეციაში 2019 წლის 11 მაისს დაიწყება და 24 ნოემბერს დასრულდება. ამჯერად გამოფენის კურატორი ლონდონის საგამოფენო ცენტრ Hayward Gallery-ს დირექტორი რალფ რუგოფი გახდა.

ბიენალეს წლევანდელი თემა ასე ჟღერს: „საინტერესო დროებაში გეცხოვროთ“ (May you live in interesting times). 

აღნიშნულია, რომ იმ დროს, როდესაც ფეიკ-სიახლეების და „ალტერნატიული ფაქტების“ გავრცელება პოლიტიკურ ნდობას აქვეითებს, ხელოვნებას შეუძლია დაგვაფიქროს იმაზე, თუ როგორ განისაზღვრება ჩვენი კულტურული საზღვრები. რალფ რუგოფის თქმით, ბიენალე შეეცდება გაამახვილოს ყურადღება იმაზე, რომ ხელოვნების ნიმუშების მნიშვნელობა მხოლოდ და მხოლოდ ობიექტების ჩარჩოებში როდია მოქცეული, ის მოქცეულია ასევე დისკუსიებში — თავდაპირველად მხატვარსა და ხელოვნების ნიმუშს შორის, შემდეგ — მათსა და აუდიტორიას შორის და სხვადასხვა საზოგადოებებს შორის.

ვენეციის ბიენალეზე საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ საგამოფენო სივრცე „არსენალში“ 74 კვადრატული მეტრის ფართობის პავილიონი გამოიყო. გამარჯვებული პროექტისთვის გამოყოფილი ფულადი ფონდი 160 000 ლარს შეადგენს.

დიდ ბრიტანეთში მოკლემეტრაჟიანი კინოს ფესტივალზე საქართველო მასშტაბურად მონაწილეობს >>

განაცხადების მიღება დაწყებულია და 2018 წლის 26 ოქტომბერს დასრულდება. საკონკურსო კომისია გამარჯვებულ პროექტს და ასევე სარეზერვო პროექტებს დედლაინის დასრულების შემდეგ მაქსიმუმ 10 დღეში გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, 2017 წელს ვენეციის ბიენალეზე საქართველო ახალგაზრდა მხატვარმა ვაჟიკო ჩაჩხიანმა წარადგინა პროექტით „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“.