ძიუდოისტების 9 მედალი, გამარჯვება აღთქმულ მიწაზე და ნინო ხომერიკის ბრინჯაოზე გაცვლილი ოქრო

გასული კვირა, სპორტული თვალსაზრისით, საკმაოდ საინტერესოც გამოდგა და ქართველი სპორტსმენებისთვის წარმატებულიც. ჯერ ჩვენებურთა მიღწევებზე მოგახსენებთ.
Sputnik

ლევან გორგოძის წარმატებებმა, იაპონელთა ეროვნული სახეობა სუმო, საქართველოშიც ერთობ პოპულარული გახადა. ტოკიოში მიმდინარე შემოდგომის ბაშოზე, ქართველ სეკიტორს აუცილებლად მართებს დადებითი შედეგის დაფიქსირება, რათა სუმოში რანგით მეორე ოძეკის წოდება შეინარჩუნოს. ლევანს 8 ორთაბრძოლის მოგება არ უნდა გაუჭირდეს, თუმცა მას უფრო მეტი სურს და მისი სპორტული ფორმიდან გამომდინარე (თუ ისევ ტრავმებმა არ შეუშალა ხელი) ეს სულაც არ მოჩანს უტოპიად. მართალია დღეს წააგო მასავით ოძეკ გოეიდოსთან, მაგრამ ამ ეტაპზე და მოხშირებული ტრავმიანობის ფონზე, ვითარების ფორსირება არ უნდა იყოს საჭირო. მთავარია პროგრამა მინიმუმი (8 გამარჯვება) შეასრულოს. შემდეგ კი ტრავმები მოიშუშოს და მომავალ წელს უფრო მომზადებული შეხვდეს.

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ჩინებულად იასპარეზეს ქართველმა ძიუდოისტებმა —9 ინდივიდუალური მედალი და პირველი ადგილი გუნდურ ჩათვლაში. ჩემპიონები გახდნენ ლუკა მაისურაძე (81კგ), ონისე სანებლიძე (100კგ) და გელა ზაალიშვილი (მძიმე წონა). ამის გარდა ჩვენებმა ორი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაოს მედალიც დაისაკუთრეს. სასიამოვნოა, რომ ვაჟების გარდა სოფიაში გოგონებმაც „ივაჟკაცეს“, ეთერ ლიპარტელიანმა ვერცხლი მოიგო, მარიამ ჭანტურიამ და სოფიო სომხიშვილმა ბრინჯაო. გასამართი დარჩა გუნდური შეჯიბრი, სადაც ჩვენებურები ასევე ფავორიტებად მოიაზრებიან. გასახარია, რომ ჩვენს სახელოვან ძიუდოისტებს ღირსეული ცვლა ეზრდება.

თურქეთის ქალაქ გებზეში სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდა მოჭადრაკეები, მსოფლიოს ჩემპიონების ვინაობას არკვევდნენ. ჩვენმა ყმაწვილებმა დიდად ვერ გაგვახარეს, გოგონათა შორის 20 წლის ასაკამდე საქართველოს ღირსებას ნინო ხომერიკი იცავდა. ნინოს მეცხრე განთესვა ჰქონდა, ანუ მასზე უკეთესი რეიტინგი ჰქონდა 8 სპორტსმენს. ექვსი ტურის შემდეგ ხომერიკი 6 მოგებით ლიდერობდა და საგრძნობლად უსწრებდა კონკურენტებს. ამის შემდეგ მოხდა ის რაც ძალიან ხშირად ემართებათ ჩვენს მოჭადრაკეებს. დარჩენილ 5 ტურში მხოლოდ ორი ქულა აიღო და საბოლოოდ ბრინჯაოს მედალი მოიგო. ეს რა თქმა უნდა წარმატებაა და უნდა მივულოცო კიდეც, მაგრამ ფაქტია, რომ ნინოს აშკარად უკეთ შეეძლო გამოსვლა.

მოჭადრაკე ნინო ხომერიკი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს აგრძელებს და მეორე მატჩს, დღეს, საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს. პირველი კი ორი დღის წინ ისრაელში ადგილობრივ გუნდს დაუპირისპირდნენ და მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვეს 85:80. საყოველთაო შეფასებით, ჩვენებმა  მოგება კარგი გუნდური თამაშით დაიმსახურეს. ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ ჩემი აზრით, გამარჯვების უმთავრესი შემოქმედი ნაკრების მწვრთნელი ილიას ზუროსია. მისი სწორად შერჩეული ტაქტიკა, ზედმიწევნით დროული შეცვლები, გუნდის საჭირო დროს მობილიზების უნარი და  ახალგაზრდების მიმართ ნდობაა. მესამე მეოთხედში ჩვენებს თამაში არ წაუვიდათ და 12 ქულიანი უპირატესობა გაანიავეს. მეოთხე, გადამწყვეტ პერიოდში სულაც 6 ქულით ჩამოვრჩით, თუმცა ზუროსი მეთოდურად მისდევდა არჩეულ ტაქტიკას, გადამწყვეტ მომენტში მოედანზე დატოვა ახალგაზრდა გოგა ბითაძე, შემოიყვანა ბერიშვილი და ბოქოლიშვილი და ამათაც გაუმართლეს. ბითაძემ ოთხჯერ დაუფარა მეტოქე თავდამსხმელებს, მათ ფარზე 7-ჯერ მოხსნა ბურთი და ჯამში 13 ქულა დააგროვა. დანარჩენმა ორმა საჭირო დროს ჩააგდო თითო სამქულიანი და გუნდმაც, თამაშის მიწურულს მიღწეული მცირე უპირატესობა გამარჯვებად აქცია. შეუდარებელი იყო თორნიკე შენგელია; ის რომ ყველაზე შედეგიანი გახლდათ, ამას უკვე მივეჩვიეთ, დღეს თოკო უპირობო ლიდერია და ამართლებს კიდეც მის მეტსახელს „თოკომოტივს“. საჭირო დროს თავის თავზე იღებს თამაშს და თანაგუნდელებს უმართლებს კიდეც. კარგი იყო ახალწვეული მეტ ჯენინგსი, მისი 5 სამქულიანი ძალიან გამოგვადგა, ისევე როგორც სანაძის 7-დან 5 სამქულიანი. ცალკე უნდა ვთქვა ცინცაძეზე, იმ დღეს მას ქულა არ აუღია, მაგრამ 7 შედეგიანი გადაცემა და სამი ჩაჭრა (განსაკუთრებით ბოლო და გადამწყვეტი) აშკარად სასიკეთოდ გადაწონის ამ უქულობას. დღეს, საქართველოს ნაკრები საბერძნეთს ხვდება, რომელსაც ყველა თამაში მოგებული აქვს და როგორც იტყვიან თავი ქუდში აქვს; ცოტა ზედმეტად თავდაჯერებულადაც გამოიყურებიან და ვინ იცის ზუროსმა და შეგირდებმა იქნებ ამისთვის დასაჯონ კიდეც.

მიმოხილვას ისე როგორ დავასრულებ ფეხბურთი არ ვახსენო. ევროპაში ჩემპიონატები ახალი დაწყებულია, გუნდები თანდათან შედიან ფორმაში. ამერიკის კონტინენტზე კი მორიგი შედევრი გვაჩუქა უბერებელმა შვედმა ზლატან იბრაგიმოვიჩმა. მართალია მისმა გუნდმა 3:5 დათმო შეხვედრა, მაგრამ თავად იბრამ კარიერაში მეხუთასე გოლი გაიტანა და თანაც როგორი, მხოლოდ მას რომ შეუძლია ისეთი. მოქმედ ფეხბურთელთაგან უფრო მეტი მხოლოდ ლეო მესისა და კრიშტიანო რონალდოს გაუტანიათ.

დღეისთვის სულ ეს იყო. მომავალი კვირა, იმედი მაქვს, უფრო საინტერესო და წარმატებულიც იქნება ჩვენი სპორტსმენებისთვის.