გამოკვლევები, რომლებიც ჯარში გასაწვევ მოქალაქეებს უტარდებათ

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების საფასური იფარება სრულად, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში
Sputnik

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმების სახელმწიფო პროგრამა  საქართველოს სამხედრო ძალების შევსებას ჯანმრთელი კონტინგენტით ითვალისწინებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო განმარტავს, რას ითვალისწინებს სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმების სახელმწიფო პროგრამა და არის თუ არა თანადაფინანსება.

ჯარისგან თავის არიდების მცდელობაზე, შესაძლოა, ჯარიმები დაწესდეს

სახელმწიფო პროგრამით სარგებლობენ სამხედრო ძალებში გაწვევას დაქვემდებარებული პირები (საქართველოს მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები). სააგენტოს ცნობით, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება იფარება სრულად, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და არ ითვალისწინებს თანაგადახდას მოსარგებლის მხრიდან.

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს: სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა ამბულატორიულ შემოწმებას, ასევე, სპეციალისტების კონსულტაციას (თერაპევტი, ოტორინოლარინგოლოგი, ქირურგი, ფსიქიატრი, დერმატოვენეროლოგი, ოფთალმოლოგი, სტომატოლოგი, ნევროპათოლოგი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი). 

ასევე, სამხედრო ძალებში გასაწვევ პირებს უტარდებათ სხვადასხვა გამოკვლევები. კერძოდ: სისხლის ანალიზი (მოკლე); შარდის საერთო ანალიზი; ელექტროკარდიოგრაფია; სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა; ფლუოროგრაფია; ასევე, აივ-ანტისხეულების (ანტიგენის) განსაზღვრა სისხლის შრატში სწრაფი/მარტივი მეთოდით;  HBsAG ის განსაზღვრა სისხლის შრატში სწრაფი/მარტივი მეთოდით; HCV ის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა სისხლის შრატში სწრაფი/მარტივი მეთოდით; ათაშანგის დიაგნოსტიკა (ექსპრეს მეთოდით).

საქართველოს უშიშროების საბჭომ შეიარაღებული ძალების რაოდენობაზე გადაწყვეტილება მიიღო

სახელმწიფო პროგრამა ასევე მოიცავს სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა დამატებით სტაციონარულ გამოკვლევებს.

სამხედრო სამსახურში გასაწვევი მოქალაქე სამედიცინო შემოწმებას გადის წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში არსებულ მუდმივმოქმედ სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიაში.

მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისია შემოწმების შემდეგ წვევამდელის შესახებ იძლევა დასკვნას სამხედრო სამსახურისათვის მისი ვარგისიანობის თაობაზე შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ა) ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის;

ბ) ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის უმნიშვნელო შეზღუდვით;

გ) შეზღუდულად ვარგისია სამხედრო სამსახურისათვის;

დ) დროებით უვარგისია სამხედრო სამსახურისათვის;

ე) უვარგისია სამხედრო სამსახურისათვის.

საქართველოში სამხედრო სამსახური ოთხ კატეგორიად იყოფა — სავალდებულო, საკონტრაქტო, საკადრო და სარეზერვო.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მამრობითი სქესის 18-დან 27 წლამდე ახალგაზრდებმა, რომლებსაც გადავადება არ ეხებათ, უნდა გაიარონ სავალდებულო სამხედრო სამსახური.