საქართველოს მთავრობის ინიციატივამ კანაფის მოყვანის ლეგალიზების შესახებ ექსპორტის მიზნით, რომელსაც მანამდე მარიხუანის შეძენის დაშვება უსწრებდა წინ, ერთბაშად ორი კონფესიის შეშფოთება გამოიწვია — საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის და მუსლიმი თემის.
დავთესოთ თუ არ დავთესოთ? ანუ რა სარგებლობა მოაქვს კანაფს >>
მარიხუანის მოხმარების ლეგალიზება საქართველოში ივლისის ბოლოს მოხდა — შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. ამის შემდეგ შსს-მ გაავრცელა კანონპროექტი, რომელიც მარიხუანის მოხმარების შეიზღუდვას და საექსპორტოდ მისი კულტივირების დაშვებას გულისხმობს.
ეკლესიის პოზიციის გამო დეპუტატების ნაწილმა, მათ შორის მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წევრებმაც მთავრობის ინიციატივის მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს.
კონფესიების თვალსაზრისი
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რამდენიმე ინიციატივას ამზადებს, მათ შორის საკონსტიტუციო დონეზე მარიხუანის აკრძალვისა და ამ სასამართლოს საქმიანობის შეზღუდვის თაობაზე, განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ტელეარხ TV Pirveli-ს ეთერში.
„უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს როგორც სრულიად მიუღებელს, გაუგებარს თავისი ლოგიკით და ის წინააღმდეგობაშია ყოველგვარ მეცნიერულ და საღ აზრთან. უნდა მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების რაიმე სახით განულება. ამ სიტუაციიდან ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება გახდეს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება“, — განაცხადა ჯაღმაიძემ.
მისი თქმით, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, კობა დავითაშვილის ხელმძღვანელობით მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში აუცილებელია ცვლილებების შეტანა. სკეპტიკოსების თვალსაზრისით, თვითგამოხატვისა და თვითგანვითარების თავისუფლების შესახებ სტატიაში უნდა არსებობდეს დაზუსტება იმის შესახებ, რომ თვითგანვითარება არ გულისხმობს საკუთარი თავის დაზიანების და დეგრადაციის უფლებას, მათ შორის ნარკოტიკების მოხმარების გზით. ეს საჭიროა იმისათვის, რომ მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ხელში აღნიშნული მუხლი ინტერპრეტაციის საშუალებად არ იქცეს.
„აღმაშფოთებელია, როდესაც ოთხი მოსამართლისგან შემდგარი ჯგუფი მთელი ქვეყნის ნების საწინააღმდეგოდ, და კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 75%-ის ნების საწინააღმდეგოდ იღებს გადაწყვეტილებას. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები დანიშნულები არიან, პარლამენტი კი არჩეული ორგანოა. დანიშნულმა მოსამართლეებმა არ უნდა შეცვალონ არჩეული ორგანოს ნება, ამაშია საქმე“, — განაცხადა ჯაღმაიძემ.
ხელისუფლების მიერ გაჟღერებულ ინიციატივას მარიხუანის კულტივაციის შესახებ ის დაუშვებელს უწოდებს და აცხადებს, რომ მარიხუანის კულტივაციის დაშვება საქართველოსთვის უდიდეს რისკებს შეიცავს.
ქართული მარიხუანა ექსპორტზე — რეალობა თუ წინასაარჩევნო დაბოლება >>
„იმ ქვეყნებში, სადაც სამედიცინო დანიშნულებით მოხდა კულტივაცია, გამრავლდა არალეგალური წარმოება და მოიმატა ამ ნარკოტიკის მოხმარების რაოდენობამ“, — აღნიშნა ჯაღმაიძემ.
საინიციატივო ჯგუფმა ამ კანონპროექტის რეგისტრაციისთვის საქართველოს პარლამენტს უკვე მიმართა.
ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას საქართველოს მუსლიმი თემიც ეთანხმება.
„როდესაც ჩვენ, მუსლიმმა თემმა შევიტყვეთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით, მაშინვე განვაცხადეთ, რომ ეს სახიფათოა, რადგან მომავალ თაობებზე ზეგავლენას მოახდენს. რაც შეეხება მარიხუანის კულტივაციას და ექსპორტზე გატანას, ეს ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ეს ფაქტი საქართველოს იმიჯს შეულახავს მთელს მსოფლიოში და დაამსგავსებს შუა აზიის ჩამორჩენილ ქვეყნებს, რომლებიც ძირითადად ამით არიან დაკავებული. შევეცდებით მივმართოთ ყველა სახელმწიფო ორგანოს, რათა არ დავუშვათ მსგავსი ფაქტი“, — განაცხადა სრულიად საქართველოს მუსლიმთა შეიხმა, რამინ იდიგოვმა.
პოლიტიკოსების თვალსაზრისი
ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლების ინიციატივას გამოეხმაურა „ახალი პოლიტიკური ცენტრ — გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც მარიხუანის ლეგალიზების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის ავტორია.
„ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივი საბჭოთა ადამიანები. ისინი მოვიდნენ სსრკ-დან და მათი მსოფლმხედველობა განპირობებულია იმ წარმოდგენებით ადამიანისა და სამყაროს შესახებ, რომლებსაც მათ თავში უდებდა საბჭოთა განათლების სიტემა. და სწორედ ამიტომ გვესმის ეს სისულელეები, რომ თურმე ადამიანს ყველაფრის უფლება აქვს საკუთარ თავთან მიმართებაში, მაგრამ უფლება არ აქვს, რომ შეცდომით ან გააზრებულად საკუთარ თავს ზიანი მიაყენოს“, — განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, მარიხუანის ლეგალიზების მოწინააღმდეგეებს უნდათ, რომ სახელმწიფომ ადამიანს პირობები წაუყენოს.
„ასეთი შეზღუდვების შემოღება ნიშნავს, რომ სახელმწიფომ შეიძლება დაადგინოს, რისი ჭამა შეიძლება, რისი — არა, რამდენი ცხიმიანი საკვების მიღება შეიძლება, რამდენი კოკა-კოლის დალევა შეიძლება, და ასე უსასრულოდ. ანუ სახელმწიფომ ნებისმიერ ქმედებას შეიძლება უწოდოს სწორი ან არასწორი, და აქედან ერთი ნაბიჯია ტოტალიტარულ სისტემამდე“, — განაცხადა ჯაფარიძემ.
თუმცა ჯაფარიძის აზრს ყველა არ აზიარებს. მაგალითად, „ქართული ოცნების“ დეპუტატი გია ბუკია.
„რაც შეეხება კანაფის წარმოებას, მე არ ვუჭერ მხარს, რომ საქართველოში ნარკოტიკების პლანტაციები იყოს. ჩვენ არ ვუჭერთ მხარს საქართველოში ნარკოტიკების წარმოებას და გავრცელებას“, — განაცხადა ბუკიამ.
სექსი, მარიხუანა, ჯარი და, ბოლოს – საარჩევნო კამპანია პორნოსაიტზე >>
ბუკიას პოზიციას მმართველი პარტიის სხვა დეპუტატებიც იზიარებენ.
„საზოგადოების კრიტიკული შეფასება გამოწვეული მოულოდნელობისგან იყო, რადგან კანაფის წარმოებასა და ექსპორტზე საუბარი კითხვებს იწვევს. ამაში დარგის სპეციალისტები გარკვეულ რისკებს ხედავენ, რასაც დეტალური განხილვა სჭირდება“, – განაცხადა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.