ქართულ ლექსებს ბრიუსელის მეტროს ვაგონებში კითხულობენ

ბელგიის დედაქალაქის მოსახლეობა და სტუმრები ქართულ პოეზიას გაეცნობიან
Sputnik

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ქართველი პოეტის მაია სარიშვილის ლექსი ბრიუსელის მეტროპოლიტენის ვაგონში გაჩნდა — გარდა ქართული ვარიანტისა, პოეტის ლექსის წაკითხვა ინგლისურ, ჰოლანდიურ და ფრანგულ ენებზე იქნება შესაძლებელი.

ქართველი ავტორის ნაწარმოები ბელგიის მეტროში IX საერთაშორისო პოეტური ფესტივალ Transpoesie-ის ფარგლებში იქნა წარმოდგენილი. ფესტივალის მიზანი ევროპის ქვეყნების თანამედროვე პოეზიის შეკრება და ბრიუსელის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მისი რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გაცნობაა.

პოეზიის ფესტივალი TRANSPOESIE ბრიუსელის ევროპული კულტურის გაერთიანებული ინსტიტუტების ორგანიზებით ტარდება, რომლის ფარგლებშიც ავტორები მთელი მსოფლიოდან ორიგინალთან ერთად სამ ენაზე თარგმანს წარმოადგენენ: ინგლისურ, ჰოლანდიურ და ფრანგულ ენებზე.

წელს ფესტივალი Transpoesie სტარტს, სიმბოლურად, 26 სექტემბერს, ევროპული ენების საერთაშორისო დღეს აიღებს, მონაწილეებს შორისაა საქართველოც.

მაია სარიშვილის პოეზიის გარდა, ბრიუსელის ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს პოეტი შოთა იათაშვილი ლექსებით: "ვერის ბაღის კაფის ოფიციანტს" და "მე ავიბლანდე".