თბილისში ლიცენზირებულ ტაქსებს უფასო პარკინგი ექნებათ

კალაძის ინფორმაციით, დღეისთვის უკვე 2000-ზე მეტი ნებართვაა გაცემული
Sputnik

თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. თბილისის მერია  ლიცენზირებული ტაქსებისთვის სპეციალური ადგილების გამოყოფას გეგმავს, სადაც  ისინი პარკირებას უფასოდ შეძლებენ, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

„ვგეგმავთ ქალაქში, ეკონომიკურად აქტიურ ზონებში, გამოვყოთ სპეციალური ადგილები, სადაც ლიცენზირებულ ტაქსს ექნება შესაძლებლობა, ავტომობილი ყოველგვარი გადასახადის გარეშე გააჩეროს. მივმართავ ჩემს მოადგილეებს, ირაკლი ხმალაძესა და მაია ბითაძეს, ტაქსების რეგულირების მეორე ეტაპის ამოქმედების დროისთვის, ქალაქში კონკრეტული ლოკაციები შეირჩეს, სადაც ტაქსები ყოველგვარი საფასურის გარეშე შეძლებენ პარკირებას. ეს ყველა ევროპულ ქვეყანაში ასეა და ამასთან დაკავშირებით, ჩვენც იგივე მიდგომა უნდა გვქონდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ტაქსების მძღოლებისთვის რეგისტრაციის გავლა იუსტიციის სახლშიც იქნება შესაძლებელი

კახა კალაძე ტაქსების ლიცენზირების თემასაც შეეხო და ტაქსის მძღოლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, შესაბამისი ლიცენზია დროულად აიღონ. რადგან პირველი ოქტომბრიდან ტაქსებს ლიცენზიის გარეშე მომსახურების გაწევა აეკრძალება.

ლიცენზიის საფასური 100 ლარია, მის  გარეშე გადაადგილება კი 200 ლარით დაჯარიმდება.

ტაქსებზე ლიცენზიის გაცემის პროცესი 2018 წლის აგვისტოდან დაიწყო.

კალაძის ინფორმაციით, დღეისთვის უკვე 2000-ზე მეტი ნებართვაა გაცემული.

დაუდასტურებელი ინფორმაციით კი თბილისში 40 ათასი ტაქსი მოძრაობს. 

საქართველოში არსებობს ტაქსის კერძო კომპანიებიც, თუმცა, ბაზარზე მათი წილი იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც მგზავრების გადაყვანით ინდივიდუალურად არიან დაკავებული, შედარებით მცირეა.