თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა ავტოსაგზაო შემთხვევები, რომელთა მიზეზი მძღოლის საჭესთან ჩაძინებაა. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად ამ მიზეზით იღუპება დაახლოებით 1,5 ათასი ადამიანი. საქართველოში ამ კუთხით, სამწუხაროდ, ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, თუმცა ყოველ თქვენგანს ერთხელ მაინც მოუკრავს ყური საინფორმაციო გადაცემაში მსგავსი მიზეზით განვითარებული ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ.
ვის ეხება ეს პრობლემა ყველაზე მწვავედ?
– სხვადასხვა ტიპის ძილის დაღვევის გამო გამოუძინებელი მძღოლები, მაგ.: ძილის აპნოე, უძილობა, მოუსვენარი ფეხების სინდრომი და ა.შ.
– მძღოლები, რომლებიც მართავენ ავტომობილებს გრძელ დისტანციაზე, მაგ.: ტრაილერები, საქალაქთაშორისო დისტრიბუცია, საქალაქთაშორისო მუნიციპალური ტრანსპორტი;
– მძღოლები, რომლებიც იღებენ გარკვეული ტიპის პრეპარატებს, მაგ.: საძილე პრეპარატები ან ტრანკვილიზატორები;
– ალკოჰოლური და ნარკოტიკულული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლები, მათ შორისაა მარიხუანის მოხმარებაც.
ასეთ მძღოლებს უქვეითდებათ კონცენტრაცია, შედეგად, გვიანდება ადეკვატური და სწრაფი რეაქციის უნარი, სახიფათო სიტუაციაში უჭირთ სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ხშირია ხანმოკლე ჩათვლემები.
რა გამაფრთხილებელი ნიშნები გვაუწყებს, რომ დროა შეაჩეროთ მანქანა?
– ხშირი მთქნარება და თვალების ხამხამი;
– გეხუჭებათ თვალები;
– თავის ხშირი მოძრაობა გამოსაფხიზლებლად;
– ტარებისას უნებლიედ გადადიხართ საპირისპირო ხაზზე;
– ძალიან უახლოვდებით გვერდით მიმავალ ავტომობილს და გვიან ამჩნევთ ამას;
– თქვენთვის შეუმჩნეველი ხდება საგზაო ნიშნები;
– შეგრძნება გაქვთ, რომ არ გახსოვთ განვლილი გზის გარკვეული მონაკვეთი.
– გამოსაფხიზლებლად რთავთ რადიოს და სწევთ ფანჯრებს (თუმცა აღნიშნული არ არის ეფექტური).
როგორ ავირიდოთ მოსალოდნელი საფრთხე?
– შეეცადეთ არ დაჯდეთ საჭესთან ღამენათევი;
– თუ გაწუხებთ ხშირი შეღვიძებები ღამის განმავლობაში, აჩერებთ სუნთქვას ძილის დროს, ხვრინავთ და ამის გამო ძილი ფრაგმენტულია, იღვიძებთ დაღლილი და გამოუძინებელი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. აღნიშნული სიმპტომები მიუთითებს ძილის სუნთქვითი დარღვევების - აპნოეს არსებობაზე, რაც წარმოადგენს საშიშ მდგომარეობას თქვენი ჯანმრთელობისთვის. ძალიან ხშირად აპნოეთი გამოწვეული „ცუდი ძილი“ ხდება მიზეზი დღის განმავლობაში ჩათვლემების, მათ შორის საჭესთან;
– გრძელ დისტანციაზე ავტომობილის ტარებისას უმჯობესია გყავდეთ თანამგზავრი, რომელიც შეძლებს თქვენ ჩანაცვლებას გზის გარკვეულ მონაკვეთზე;
– ხანგრძლივ დისტანციაზე, განსაკუთრებით გამთენიისას შეაჩერეთ მანქანა, დაიძინეთ გარკვეული პერიოდი, შეღვიძების შემდეგ მინიმუმ 15 წთ-ის განმავლობაში ნუ დაუბრუნდებით საჭეს, რათა სრულფასოვნად გამოიღვიძოთ;
– გზის გრძელ მონაკვეთზე შესვენებები რეკომენდებულია ყოველი 150 კმ-ის შემდეგ;
– ხანგრძლივ დისტანციაზე მგზავრობისას შეგიძლიათ გამოიყენოთ კოფეინი;
– გრძელ დისტანციაზე მგზავრობის დაგეგმვისას თავი აარიდეთ მედიკამენტების მიღებას, რომლებმაც შეიძლება დააქვეითონ თქვენი კონცენტრაცია და გამოიწვიონ ძილიანობა;
– ჩამოწიეთ ფანჯრები, რათა მანქანის სალონში ყოველთვის იყოს ჰაერის ახალი ნაკადი;
– შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ინტერნეტ და მობილური აპლიკაციები, რომლებიც ასევე გეხმარებათ სიფხიზლის შენარჩუნებაში მგზავრობის დროს.
გაითვალისწინეთ, რომ საჭესთან ჩაძინება საფრთხეს უქმნის თქვენს და თქვენ ირგვლივ მყოფების სიცოცხლეს! გამოიყენეთ მოცემული რჩევები, ძილთან დაკავშირებული სხვა პრობლემების შემთხვევაში დროულად მიმართეთ ექიმს. გახსოვდეთ, კარგი ძილი უსაფრთხო და ჯანმრთელი ცხოვრების საწინდარია!