პრეზიდენტი: რაც შეეხება საკითხს, რატომ არ დავაყენე ჩემი კანდიდატურა...

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი დამსახურება უწოდა იმას, რომ მმართველმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა არ დაასახელა.
Sputnik

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მას არ სურს იყოს ძალზე შეზღუდული უფლებების მქონე ქვეყნის მეთაური.

არჩევნების შემდეგ ძალაში შევა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა თანახმად, კიდევ უფრო შემცირდება ქვეყნის ახალი პრეზიდენტის უფლებები. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ქვეყნის მეთაური და მთავარსარდალი იქნება, მას ყველა გადაწყვეტილების შეთანხმება მთავრობასთან მოუწევს. ამასთან, პრეზიდენტი შეინარჩუნებს მსჯავრდებულთა შეწყალების უფლებას, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტებზე ვეტოს დადების და რეფერენდუმების დანიშვნის უფლებას.

პრეზიდენტობის კანდიდატებს საარჩევნო ნომრები მიანიჭეს

„რაც შეეხება საკითხს, რატომ არ დავაყენე ჩემი კანდიდატურა: მე, როგორც ადამიანმა, რომელიც შეზღუდული უფლებებით მუშაობდა, არ ჩავთვალე ეფექტურად იქ დაბრუნება, სადაც ჩემი უფლებები კიდევ უფრო შეზღუდული იქნება", – განაცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია TV Pirveli-ს გადაცემა „რეაქციაში".

მან ასევე დაადასტურა ხმები იმის შესახებ, რომ სპეციალურად აჭიანურებდა გადაწყვეტილების გახმოვანებას, რათა მმართველ პარტიას პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი არ წამოეყენებინა. მან განცხადება 31 აგვისტოს გააკეთა, ერთი კვირით ადრე არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ცესკოში განაცხადის შეტანის ვადის ამოწურვამდე.

„ჩემი მიზანი იყო ის, რომ „ქართულ ოცნებას" საკუთარი კანდიდატი არ დაეყენებინა. ქვეყნისთვის კარგია, რომ მმართველმა პარტიამ კანდიდატი არ დაასახელა, რამდენადაც ამ სიტუაციაში შანსია, რომ კრიტიკულ წერტილამდე არ მივიდნენ, მაშინ, როცა ყველა, დაწყებული პრეზიდენტიდან, დამთავრებული რაიონული ადმინისტრაციის ბოლო თანამშრომლამდე, ერთი პარტიის წევრები არიან. ეს მნიშვნელოვანი იყო, და მე ამას მივაღწიე. მივაღწიე თქვენი ეთერის, შეხვედრების, სხვა ტელევიზიების დახმარებით და იმით, რომ მე ერთი წელია ამაზე ვლაპარაკობდი", - განაცხადა მარგველაშვილმა.

ყველაზე ამბიციურები მსოფლიოში – საქართველო ახალი რეალობის წინაშე

პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაზეც – პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, პარლამენტის დეპუტატისა და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერასთან დაკავშირებით.

„მეც არ ვიყავი არც ერთი პარტიის წევრი, რომელიც მაშინ „ქართულ ოცნებაში" შედიოდა და „ქართულმა ოცნებამ" მხარი მე დამიჭირა. არ ვფიქრობ, რომ ეს ფორმატი ჩემი ფორმატისგან რამით განსხვავებულია", – აღნიშნა მარგველაშვილმა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას სულ 46-მა სუბიექტმა მიმართა. პრეზიდენტობის კანდიდატები 26-მა საინიციატივო ჯგუფმა და 20-მა პოლიტიკურმა პარტიამ წარმოაყენა. ამ ეტაპზე უარი ორ სუბიექტს ეთქვა, ხოლო 8 პრეზიდენტობის კანდიდატი ცესკოში უკვე დარეგისტრირებულია.