კალაძე: მუხიანი-2-ის დასახლებაში წყლის მიწოდების პრობლემა მოგვარდება

წყალარინების ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან თითქმის 2 მილიონი ლარი დაიხარჯება
Sputnik

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე გლდანის რაიონში, მუხიანი 2-ის დასახლებაში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს გაეცნო და მოსახლეობას მათ მოგვარებას დაპირდა, ნათქვამია მერიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

„პირველ ეტაპზე წყალარინების სისტემა მოეწყობა. იგეგმება სანიაღვრეების მოწესრიგებაც. აქ მცხოვრებ მოქალაქეებს წყალი 24-საათიან რეჟიმში არ მიეწოდებათ. არსებობს კითხვები, თუ რატომ არ მიეწოდებათ წყალი, რადგან რამდენიმე წლის წინ ამ მიმართულებით სამუშაოები განხორციელდა.  ჩვენ GWP-სთან კომუნიკაცია გვექნება და ამ პრობლემას აუცილებლად მოვაგვარებთ. ბოლო ეტაპი კი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იქნება”, —  განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძე: მომავალ წელს უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ

კახა კალაძის დავალებით, ორ დღეში ადგილზე ინფრასტრუქტურის განვითარების  საქალაქო სამსახური წყალარინების ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოებს დაიწყებს.

პროექტის მიხედვით,  დასახლებაში გაკეთდება ცენტრალური კოლექტორი, რის შემდეგაც წყალარინების ქსელი ვარდისუბნისა და საზანოს ქუჩებზე მოეწყობა.

ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 903 172 ლარი დაიხარჯება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გზა“ განახორციელებს.

მუხიანი 2-ის დასახლებაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2019 წელს დასრულდება.