თბილისში 33 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ

ინიციატივა თბილისის მერიას ეკუთვნის
Sputnik

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. თბილისში 33 ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

თბილისში, გარდაბნის გზატკეცილის N24ა-ში მცხოვრებ მოქალაქეებს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ.

ამ მისამართზე მცხოვრებ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა წლების განმავლობაში აწუხებდათ. უძრავი ქონება მათ პრივატიზების ხელშეკრულებების საფუძველზე დაუკანონდათ.

თბილისში 49 ოჯახს მიწის ნაკვეთები დაუკანონდა

სამგორის რაიონში მცხოვრებ 33 ოჯახს საკუთრების მოწმობები სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან მამულაშვილთან ერთად გადასცა.

ასევე, რამდენიმე დღის წინ, საკუთრების მოწმობები გადაეცა კახეთის გზატკეცილის N89-ში მცხოვრებ 16 ოჯახსაც.

თბილისის მერიის ინიციატივით, მოქალაქეებს, რომლებიც თბილისში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ფართებში ცხოვრობენ, დედაქალაქის მთავრობა საცხოვრებლებს და საკარმიდამო ნიწის ნაკვეთებს სიმბოლურ ფასად დაუკანონებს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საცხოვრებელი ფართები ჯამში 132 ოჯახს დაუკანონდა და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.