„ჭაჭის ფესტივალი“ – ალკოჰოლი, მუსიკა და XVIII საუკუნის კახეთი

ქართულ ჭაჭას პოპულარიზაციას და რეკლამირებას მსოფლიოში აღიარებული ქართველი პრიმა-ბალერინა, ღირსების ორდენის კავალერი ირმა ნიორაძე გაუწევს.
Sputnik

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. ჭაჭის ფესტივალი, რომელიც ქართული სპირტიანი სასმელის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, თელავში 3 ნოემბერს გაიმართება, ნათქვამია საქართველოს კულტურის პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჭაჭის ფესტივალი მოიცავს მცირე თეატრალიზებულ წარმოდგენებს, რომლებიც გააცოცხლებენ XVIII საუკუნის კახეთს, მის ეთნოგრაფიას, ტრადიციასა და რიტუალებს. ამასთან, გაიმართება კახური ბაზარი — XVIII საუკუნის კახეთისთვის დამახასიათებელი ეპოქალური ნივთებით, ინვენტარით, კოსტიუმებით, ჭურჭლით და რეკვიზიტით.

საქართველომ ღვინის ექსპორტისგან რვა თვეში 125,5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ჭაჭის მწარმოებელი კომპანიები. ასევე ფესტივალის ფარგლებში გაიმართება დიდი კახური „ზაოდობა", რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერი ტურისტისთვის იქნება შესაძლებელი.

„ფესტივალის მიზანია ქართულ ნატურალურ პროდუქტს – ყურძნის ბრენდ „ჭაჭას" გაუწიოს პოპულარიზაცია და ტურისტული სეზონის დასასრულს – ნოემბრის თვეში მოიზიდოს მაქსიმალურად მეტი ტურისტი, გააცნოს ამ ნატურალური ქართული პროდუქტის ისტორია, მისი სასარგებლო თვისებები და შეაყვაროს იგი", — ნათქვამია განცხადებაში.

ფესტივალის სტუმრები ჭაჭის გამოხდასთან ერთად დაამზადებენ კახურ კერძებს და დაგეგმილია მათი დეგუსტაცია. ფესტივალში მონაწილეობას მიღებენ კახური ფოლკლორული ჯგუფები, რომლებიც შეასრულებენ ტრადიციულ კახურ მრავალხმიან სიმღერებსა და კაფიებს.

გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში გაიმართება კონკურსი, რომელიც საუკეთესო ჭაჭას — გლეხებისა და მწარმოებელი კომპანიების მიერ გამოხდილ ჭაჭას გამოავლენს. ღონისძიებას მუსიკალურად საკონცერტო ორკესტრი "ბიგ ბენდი" გააფორმებს. ფესტივალის სტუმრებისთვის ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება.

წელს ფესტივალის სახე მსოფლიოში აღიარებული ქართველი პრიმა-ბალერინა, ღირსების ორდენის კავალერი ირმა ნიორაძე იქნება. ფესტივალის ჰიმნს „ბალადა ვაზზე" კი შეასრულებს საქართველოს სახალხო არტისტი ნანი ბრეგვაძე.

„ჭაჭის ფესტივალი" 12:00 საათზე გაიხსნება და 17:00 საათზე დასრულდება.

ფესტივალი საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, პროექტის Check in Georgia ფარგლებში გაიმართება.