ვიმეგობრებთ პარლამენტებით - საქართველომ და სომხეთმა გადაწყვეტილება მიიღეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ სომხეთში გამართული მოლაპარაკებები ქვეყნებს შორის თანამშრომლობას ახალ იმპულსს შესძენს
Sputnik

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ არა ბაბლოიანმა  საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გაძლიერებაზე, ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს, ნათქვამია მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მიზანი – 1 მილიარდი დოლარი: საქართველო და სომხეთი ტვირთბრუნვას გაზრდიან >>

ორშაბათს სომხეთში ბახტაძის პირველი ოფიციალური ვიზიტი შედგა. დღის განმავლობაში, ბაბლოიანის გარდა, ის თავის სომეხ კოლეგა ნიკოლ ფაშინიანს და სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა. საქართველოს პრემიერმა სომხების გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მეგობრობა და თანამშრომლობა - რაზე ისაუბრეს ბახტაძემ და სომხეთის პრეზიდენტმა

„აღინიშნა, რომ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული მაღალი დონის შეხვედრები ახალ იმპულსს მისცემს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველომ აირჩია საპარლამენტო დემოკრატიის განვითარების გზა და შესაბამისად, მეგობარი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებთან თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება“, — აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დამყარდა. მხარეები თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროებში, განსაკუთრებით, ვაჭრობის მიმართულებით. ქვეყნებს შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი მოქმედებს და სომხეთი საქართველოს ძირითადი პარტნიორი ქვეყნების ათეულში შედის.