თბილისში სამი მოზარდი შენობის ჩამონგრევის შედეგად დაშავდა

ერთი მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულია.
Sputnik

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, გარდაბნის გზატკეცილზე, 101 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს ნანგრევებში სამი მოზარდი მოყვა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

დაშავებული მოზარდები 14, 15 და 8 წლის არიან.

სამივე არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ერთ-ერთი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში, ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დანარჩენი ორი არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

დაშავებულ ბავშვებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოინახულებს.