თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრები კვირას თბილისში უეფას ერთა ლიგის ფარგლებში მეორე მატჩს ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გუშინ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ყაზახეთთან მოპოვებულ გამარჯვებაზე 2:0 და ლატვიასთან მომავალ თამაშზე ისაუბრა.
„მატჩი ლატვიის წინააღმდეგ — მეორე ნაბიჯია წარმატებისკენ. ყაზახეთთან თამაშისას მოპოვებული სამი ქულა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ლატვიასთან თამაშში უნდა შევინარჩუნოთ ეს დადებითი შედეგი, რათა ჯგუფში პირველი ადგილი გავიმყაროთ და მეტ შედეგს მივაღწიოთ. ჩემ გუნდში დარწმუნებული ვარ“, — აღნიშნა სლოვაკმა სპეციალისტმა.
ვაისის განცხადებით, საქართველოს ნაკრების ყველა ფეხბურთელი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია და ტრავმები არავის აწუხებს. თუმცა შემადგენლობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება დასკვნითი ვარჯიშის შემდეგ გახდება ცნობილი.
„ლატვიამ ანდორასთან ფრედ 0:0 ითამაშა, მეტოქე თამაშობს დაცვით სისტემას 4-4-2 ტაქტიკით. ჩვენ სხვა ტაქტიკას გამოვიყენებთ, სხვა პრესინგს“, — ლატვიის ნაკრების თამაშის კომენტირებისას განაცხადა ვაისმა.
ვაისმა გაიხსენა 2017 წლის ამხანაგური მატჩი საქართველოს და ლატვიის ნაკრებებს შორის.
„ჩვენი წინა გამარჯვება ლატვიასთან 5:0 სასიამოვნოდ გასახსენებელი ისტორიაა. იმ შეხვედრიდან 8 ფეხბურთელია დღეს ნაკრებში, მაგრამ არ მგონია წინა მატჩმა გავლენა იქონიოს ხვალინდელ დაპირისპირებაზე, რადგან მეტოქეს ახალი მწვრთნელი ჰყავს და ახალი სისტემით თამაშობენ“, — განაცხადა ვაისმა.
საქართველოს და ლატვიის ნაკრებებს შორის მატჩი 9 სექტემბერს „დინამო-არენას“ სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.