მაშველებმა შავ ზღვაზე 8 ადამიანი გადაარჩინეს

4-ბალიანი შტორმის დროს, მაშველების გაფრთხილების მიუხედავად, ადამიანები წყალში მაინც შედიან
Sputnik

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა შავ ზღვაზე დღეს დილიდან 20:00 საათისთვის დახრჩობას 8 ადამიანი გადაარჩინეს, იუწყება სამსახური.

4-ბალიანი შტორმის დროს, მაშველების გაფრთხილების მიუხედავად, ადამიანები წყალში მაინც შედიან.

ქობულეთში მაშველებმა 14 წლის გოგონა გადაარჩინეს. ბათუმში მოლდოვას მოქალაქე, 20 წლის ტურისტი ზღვიდან უვნებლად გამოიყვანეს. გონიოში მაშველებმა სამი ადამიანი გადაარჩინეს. სამი ადამიანი — 10 წლის ბიჭი, ლატვიის მოქალაქე 44 წლის ქალბატონი და სომხეთის მოქალაქე ურეკში გადაარჩინეს.

ამჟამად მათ ჯამრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 

ამ წუთებში შავ ზღვაზე ისევ საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული. ზღვაში ბანაობა 10 სექტემბრის 10:00 საათამდე აკრძალულია. სამაშველო კოშკურებზე წითელი ალმებია გამოფენილი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს დაემორჩილონ მაშველების რეკომენდაციებს.