შსს-მ ქვემო ქართლსა და კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

დაკავებულია ორი პირი - საქართველოს და სომხეთის მოქალაქეები
Sputnik

თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. შსს-ს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-შემოტანა-ტარების ბრალდებით ქვემო ქართლსა და კახეთში ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სომხეთის მოქალაქე — 1977 წელს დაბადებული მ.ა. ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის, უკანონო ტარებისა და გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მაკაროვის სისტემის პისტოლეტი და 3 ვაზნა, საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტი „გეგუთის“ გავლით, სომხეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.

მარიხუანის მოყვანისთვის დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

სისხლის სამართლის საქმე  აღიძრა სსკ-ს 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გადაზიდვა და ტარება), რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, უწყების ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით კახეთშიც დაკავებულია ერთი პირი.  თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ე.გ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა თელავის რაიონის სოფელ შალაურის ტერიტორიაზე, ე.გ.-ს ავტომანქანის ჩხრეკისას, „კალაშნიკოვის“ სისტემის „აკა 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა), რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.