საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის გაფრთხილება: შავ ზღვაზე 5-ბალიანი შტორმია

უწყების ინფორმაციით, მიუხედავად საშტორმო გაფრთხილებისა, 12:00 საათიდან - 14:00 საათამდე საზღვაო მაშველებმა ზღვიდან 12 მოქალაქე ამოიყვენეს
Sputnik

თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას  შავი ზღვის სანაპიროზე შტორმის შესახებ აფრთხილებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 8 სექტემბერს შავი ზღვის სანაპიროზე ფიქსირდება 5-ბალიანი შტორმი, ტალღების სიმაღლე 4 მეტრს აღწევს. შავ ზღვაში ბანაობა აკრძალულია.

მაშველებმა ურეკში მშობლები და ბავშვი დახრჩობას გადაარჩინეს

„ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში ბანაობა ნებადართული იქნება. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს“, —  ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, მიუხედავად საშტორმო გაფრთხილებისა, 12:00 საათიდან — 14:00 საათამდე საზღვაო მაშველებმა ზღვიდან 12 მოქალაქე გამოიყვანეს უვნებლად.

უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს დაემორჩილონ მაშველების რეკომენდაციებს. აკრძალვა მოქმედებს 9 სექტემბრის 10:00 საათამდე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა საზღვაო სეზონზე შავი ზღვის სანაპირო ზოლზე შტორმისა და სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს გადაარჩინეს 316 ადამიანი – საქართველოსა და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.

მაშველებმა ურეკში რუსი ტურისტები დახრჩობას გადაარჩინეს

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 5 ივნისიდან 5 სექტემბერის ჩათვლით საქართველოს შავ ზღვასა და მდინარეებში 51 ადამიანი დაიხრჩო. დაღუპულებს შორის უმრავლესობა — 27 ადამიანი მდინარეებში დაიხრჩო, 10 – ზღვაში, ხოლო 14 – ტბაში.

რაც შეეხება გადარჩენილი ადამიანების სტატისტიკას, მაშველებმა ზღვაში დახრჩობას 240 ადამიანი გადაარჩინეს, მდინარეში დახრჩობას – 27, ტბაში — 49.