თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კანაფის“ უკანონო დათესვის, მოყვანისა და მარიხუანის უკანონო შენახვის ფაქტზე ბრალდებულ პატრულ-ინსპექტორს პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბრალდებული, რომელიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე მუშაობდა, სამართალდამცველებმა 2018 წლის 6 სექტემბერს დააკავეს. 28 წლის პატრულ-ინსპექტორს კანაფი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში ჰქონდა დათესილი.
„ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას და ეზოდან ამოღებული იქნა მის მიერ დათესილი და მოყვანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, თოთხმეტი ძირი — 3197,95 გრამი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ და განსაკუთრებით დიდი ოდენობით — 574,19 გრამი გამომშრალი „მარიხუანა“, — ნათქვამია განცხადებაში.
სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 265-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა) და 273-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (მარიხუანის უკანონო შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.