გიორგი ანდრიაძე პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს

საქართველოს პრეზიდენტობის მსურველთა სიას 39-ე კანდიდატი დაემატა.
Sputnik

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ფონდის მმართველი, საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობს.

ცესკოში ანდრიაძის კანდიდატურა 15 კაცისგან შემდგარმა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, რომლებმაც უნდა შეაგროვონ არანაკლებ 25,9 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ანდრიაძის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირებისთვის მიმართონ.

„გულწრფელად მებრალება“ - დავით უსუფაშვილს ზურაბიშვილის შესაძლებლობებში ეჭვი ეპარება

ანდრიაძის კანდიდატურის წარმდგენი საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობა ასეთია: ჯემ ბულენთ ქუჩუქალი, გიორგი შერვაშიძე, თენგიზ თავდგირიძე, უმით ოსმანაღაოღლუ, ლია ბახუტაშვილი, ჯანერ შაჰინბაშ, მერაბ მამულაშვილი, თემურ ჩალაბაშვილი, ნიკა ხუგაშვილი, ილია მხითაროვი, ვაჟა დავითაძე, კონსტანტინე მთავრიშვილი, ჰასან ზიიზ შევქეთბეიოღლუ, სადიქ ზია ენდეროღლუ და იოანე ანდრიაძე.

ანდრიაძე თეოლოგიის დოქტორია. სხვადასხვა დროს მუშაობდა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებაში" და საპატრიარქოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა ორგანიზაციებში. გარდა ამისა, მის სახელს უკავშირდება საპატრიარქოს რადიო „ივერია".

საქართველოს პრეზიდენტობისთვის კინორეჟისორი გიორგი შენგელაია იბრძოლებს

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. დღეისთვის ცესკოში პრეზიდენტობის 39 კანდიდატია წარდგენილი, დარეგისტრირებული კი მხოლოდ ოთხია.

არჩევნების შემდეგ ძალაში შევა საკონსტიტუციო შესწორებები, რომელთა მიხედვით, პრეზიდენტი, მიუხედავად იმისა, რომ ის დარჩება ქვეყნის მეთაური და მთავარსარდალი, ყველა გადაწყვეტილებას ხელისუფლებასთან შეთანხმებით მიიღებს. პრეზიდენტი პირადად გადაწყვეტს საკითხებს მხოლოდ შეწყალების, ამნისტიის, პარლამენტის დადგენილების ვეტოს და რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ.

განახლებული კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ საქართველო მმართველობის საპარლამენტო ფორმაზე გადავა.