თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საკრებულოს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა თბილისის მერი კახა კალაძე ქალაქის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულეს.
კახა კალაძე მეოთხე შვილის მამა გახდა>>>
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ლევან ხაბეიშვილის მტკიცებით, მარტო 2018 წლის ივლისში კალაძემ რესტორნებში 45 ათასი ლარი დახარჯა.
„იმ დროს, როცა სოციალურად დაუცველთა კვებაზე 1,13 ლარი იხარჯება, ქალაქის მერმა მარტო ივლისში რესტორანში სამ ვიზიტში 45 ათასი ლარი დახარჯა… ეს ისაა, რაზეც ისინი წინა ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ. დღეს კი ისინი ბიუჯეტის თანხებს, როგორც საკუთარი ჯიბის ფულს, ისე უყურებენ", — განაცხადა ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში ხაბეიშვილმა.
მისი სიტყვებით, ოპოზიცია ამ საკითხის საკრებულოს სხდომაზე გამოტანას გეგმავს.
კალაძის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 2017 წლის განმავლობაში მისმა შემოსავალმა სამეწარმეო საქმიანობიდან 470 ათასი დოლარი და 280 ათასი ევრო შეადგინა. კალაძე 33%-იან წილს ფლობს უკრაინულ კომპანია „იუკაში". სწორედ ამ კომპანიამ მოუტანა ქალაქის მერს 470 ათასი დოლარის ოდენობის მოგება. კალაძე ასევე არის კომპანია „ნესტ გრუპის" 50%-იანი წილის მფლობელი, რომლის წყალობითაც კალაძის შემოსავალი გასულ წელს 280 ათასი ევროთი გაიზარდა.
2017 წელს კალაძემ ავტომობილი Mercedes Benz G63 გაყიდა და 380 ათასი ლარი მიიღო.
თბილისის მერის ყოველთვიური ხელფასი 3 180 ლარია.
2012 წლიდან, როდესაც კალაძემ პირველად დაიკავა სახელმწიფო თანამდებობა, მან ხელფასის აღებაზე უარი განაცხადა და მთლიანი თანხა საქველმოქმედო ფონდებში ირიცხება. ამასთან, დეკლარაციის თანახმად, იგი ქველმოქმედებისთვის უფრო მეტსაც ხარჯავს. 2017 წელს ამ მიზნით კალაძემ 350 ათასი ლარი გაიღო.
თბილისის მერი საქართველოსა და უკრაინაში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს და მიწის ნაკვეთს ფლობს. გარდა ამისა, კალაძეს რამდენიმე ძვირადღირებული ავტომობილი ჰყავს, მათ შორის, Ferrari და Mercedes, ასევე სამი მოტოციკლი HARLEY DAVIDSON.
კალაძის მეუღლე ყოფილი მოდელი ანუკი არეშიძეა, წყვილს ამ დღეებში მეოთხე ვაჟი შეეძინა.