ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის დროს პარკის დაცვის უფროსი დაიღუპა

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკში დაუდგენელმა პირებმა მოაწყვეს პიკნიკი, დაანთეს კოცონი და მიატოვეს, რის გამოც ცეცხლი ახლომდებარე ხეებზე გავრცელდა.
Sputnik

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის დაცვის განყოფილების უფროსი 43 წლის ივანე კუპრაძე ხანძრის დროს წაქცეულმა ხემ იმსხვერპლა, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკში დაუდგენელმა პირებმა მოაწყვეს პიკნიკი, დაანთეს კოცონი და მიატოვეს, რის გამოც ცეცხლი ახლომდებარე ხეებზე გავრცელდა. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები, მოულოდნელად ხე წაიქცა და ივანე კუპრაძე იმსხვერპლა.

სამსახურის ცნობით, ივანე კუპრაძე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 2003 წლიდან მუშაობდა. გამორჩეული და თავდადებული შრომისთვის არაერთხელ აქვს მიღებული მადლობის სიგელი. იგი გამოირჩეოდა ბრაკონიერებთან შეუპოვარი ბრძოლით და ხშირად ჩაუგდია თავი საფრთხეში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე, სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.