თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულ პირებს რვა და ათი წლის ვადით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს გენერალური პროკურატურის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
დანაშაული თბილისში, ბაქრაძის ქუჩაზე მიმდინარე წლის იანვარში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბოროტმოქმედები თავს დაესხნენ მამაკაცს, ცივი იარაღის გამოყენებით და მუქარით მობილური ტელეფონი და 500 ლარი წაართვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ეჭვმიტანილები სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მომხდარიდან ოთხი დღის შემდეგ დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი ყაჩაღური თავდასხმისთვის წარსულში ნასამართლევია.
ერთი ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო სსკ-ის მუხლით „ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, ჩადენილი არაერთგზის", ხოლო მეორე ბრალდებული – მუხლით „ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად".