„საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერს ბრალს დღეს წარუდგენენ

გიორგი ჭელიძე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით გუშინ დააკავეს
Sputnik

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. „საქართველოს ეროვნული ერთობის“ წევრ გიორგი ჭელიძეს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

32 წლის გიორგი ჭელიძე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით გუშინ „საქართველოს ეროვნული ერთობის" ვებ-გვერდზე გავრცელებული ვიდეოს საფუძველზე დააკავეს.

„საქართველოს ეროვნული ერთობის“ ლიდერი გიორგი ჭელიძე დააკავეს

ამ ეტაპზე  გიორგი ჭელიძე დიღომში, პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფება. ადვოკატის ინფორმაციით, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს, რადგანაც მისი სახლიდან ამოღებული იარაღი კანონიერად იყო გაფორმებული.  ამოღებულ იარაღს შესაბამისი ექსპერტიზები უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, რაც  2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.