საქართველოსა და ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაცვლითი პროგრამა ამოქმედდა

ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებულია მემორანდუმები საპოლიციო საგანმანათლებლო, ოპერატიული და არასრულწლოვანთა გაჯანსაღების ურთიერთთანამშრომლობის კუთხით
Sputnik

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს და ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის „არასრულწლოვანთა გაჯანსაღების შესახებ“ თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაცვლითი პროგრამა ამოქმედდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორ სამინისტროს შორის „არასრულწლოვანთა გაჯანსაღების შესახებ“  ურთიერთგაგების მემორანდუმს 2016 წლის მარტში  საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გიორგი მღებრიშვილის მინსკში ოფიციალური ვიზიტის დროს მოეწერა ხელი.

ბელარუსი საქართველოს მოქალაქეების მიღებას გაამარტივებს

„არასრულწლოვანთა გაჯანსაღების შესახებ“ მემორანდუმის და გაცვლითი პროგრამის მიზანია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება, არასრულწლოვანთა შორის ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სამართალდამცველის პროფესიის პოპულარიზება“, — ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ქართველი ბავშვები ბელარუსში გაემგზავრნენ, ბელარუსიდან კი საქართველოს არასრულწლოვანთა ჯგუფი ორი კვირით უკვე ესტუმრა. საქართველოში სტუმრად მყოფმა არასრულწლოვნებმა სხვადასხვა სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა.

„ბელარუსია საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია. გასულ წელს, ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყების წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ბორჯომის ხეობაში მასშტაბური ხანძრების ლიკვიდაციისას ბელარუსმა საქართველოს ავიაციით, ტექნიკური და ადამიანური რესურსით უმნიშვნელოვანესი დახმარება გაუწია“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებულია მემორანდუმები საპოლიციო საგანმანათლებლო, ოპერატიული და არასრულწლოვანთა გაჯანსაღების ურთიერთთანამშრომლობის კუთხით.

1-2 სექტემბერს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ქართული კულტურის ფესტივალი „თბილისობა-2018“ იმართება. საქართველოსადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ესწრება თბილისის მერი კახა კალაძე თავის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად. კალაძე მინსკში ბელარუს კოლეგებს და საზოგადოებრივი ელექტრონული ტრანსპორტის მწარმოებელ კომპანიის ხელმძღვანელებს შეხვდა.