სოფელ ცედანთან ტყის ხანძარი ლოკალიზებულია

მეხანძრე-მაშველები ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას მესამე დღეა ცდილობდნენ.
Sputnik

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. მეხანძრეებმა და მაშველებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცედანთან ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება შეძლეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სოფელ ცედანთან ტყეში ხანძარი ოთხშაბათს, ღამით გაჩნდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დამწვარია 10 ჰექტარი ფართობი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო 220 მეხანძრე-მაშველი და 17 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, მათ შორის ტყის სპეციალური სახანძრო მანქანები. ხუთშაბათს კი ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში ვერტმფრენიც ჩაერთო.

„ხანძარი სოფელ ცედანში ლოკალიზებულია, მაგრამ ადგილზე იგივე ძალები - 200 მეხანძრე-მაშველი რჩება. ვერტმფრენმა მის მოვალეობას ძალიან კარგად გაართვა თავი", – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე ხვადაგიანმა ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

მეხანძრე-მაშველები ადგილზე იმ დრომდე დარჩებიან, ვიდრე მთლიანად არ მოხდება ცეცხლის ლიკვიდირება. გარდა ამისა, ყოველ ნახევარ საათში მეხანძრეები ცაში დრონს გაუშვებენ, რათა ზეციდან მოხდეს იმ ტერიტორიის გაკონტროლება, სადაც ხანძარი გაჩნდა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით ("ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობა, ნივთის დაზიანება ან განადგურება"), რაც ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.