საქართველოს პრეზიდენტი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტმა საჯარო ლექციის მსვლელობისას განაცხადა.
Sputnik

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ იგი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავს.

ცესკომ ოფიციალურად წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატების სია გამოაქვეყნა

„მინდა სწორედ თქვენ გითხრათ იმის შესახებ, რა მნიშვნელოვან პერსპექტივებს ვხედავ ქვეყნისთვის მომავალში ჩვენ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად და გაგიზიაროთ ის პოზიცია, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობას აღარ ვაპირებ. სხვანაირად, სხვა ფორმით თქვენთან ერთად გავაგრძელებ ჩვენი ქვეყნის სამსახურს", – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართული საჯარო ლექციის დროს.

ღონისძიება ლატვიის ექს-პრეზიდენტ ვალდის ზატლერსის მონაწილეობით გაიმართა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება. ამ დროისთვის ცესკოში პრეზიდენტობის 36 კანდიდატია წარდგენილი.