ევროპის უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება სამი წლით შეეზღუდა

უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ ეს ევროპის უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერებას არ ნიშნავს.
Sputnik

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით ევროპის უნივერსიტეტს (EU) სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება სამი წლის ვადით შეეზღუდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

„გაცნობებთ, რომ 2018 წლის 20 აგვისტოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, შპს ევროპის უნივერსიტეტს სამი წლის ვადით შეეზღუდა სტუდენტთა ახალი კონტიგენტის მიღება (უნივერსიტეტის მიმართვის საფუძველზე, საბჭოს მიერ აღნიშნული შეზღუდვა გადახედვას ერთ წელიწადში ექვემდებარება“, — ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორი დღე გადაწყვეტილების შესაცვლელად – IBSU-ს სტუდენტები შიმშილობის დაწყებას აპირებენ

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერებას. შესაბამისად, აღნიშნული შემხებლობაში არ არის უნივერსიტეტში 2018 წლამდე ჩარიცხულ სტუდენტებთან – ისინი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლას.

„რაც შეეხება ევროპის უნივერსიტეტში 2018 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს, გთხოვთ აუცილებლად დაუკავშირდეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს იმისთვის, რომ მიიღოთ დეტალური ინსტრუქცია ევროპის უნივერსიტეტიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დამატებითი მობილობის წესით გადასვლის შესახე“, — ნათქვამია განცხადებაში.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების აქცია კანცელარიის წინ

გასულ კვირას შავი ზღვის უნივერსიტეტს (IBSU) მიმდინარე სასწავლო წელს სტუდენტების მიღება საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის საბჭომ აუკრძალა. ეს გადაწყვეტილება საბჭომ იმით ახსნა, რომ ფინანსურმა დავალიანებამ, რომელიც უნივერსიტეტს აქვს დაკისრებული, შესაძლოა, სასწავლო პროცესს სერიოზული პრობლემები შეუქმნას. უნივერსიტეტმა დავალიანება დაფარა, თუმცა განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ შეუცვლია. უნივერსიტეტი ცენტრისგან საბოლოო პასუხს 3 სექტემბერს ელოდება, შემდეგ კი სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის სტუდენტები და მიმდინარე წელს ჩარიცხული აბიტურიენტების მშობლები აპროტესტებენ.