კალაძემ განმარტა, რატომ არ გახდება თბილისი „მეორე ჰოლივუდი“

წარწერა „თბილისი“ მთაწმინდაზე ძირითადად მთაწმინდის მამადავითის სახელობის ეკლესიის გამო არ განთავსდება
Sputnik

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. დედაქალაქის მერიის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ მიზანშეუწონლად მიიჩნია მთაწმინდის ფერდობზე წარწერა „თბილისის“ განთავსება, რომელიც ჰოლივუდის ბორცვზე წარწერა „ჰოლივუდის“ მსგავსი იქნებოდა, ნათქვამია მერიის პრესსამსახურის განცხადებაში.

საათი „ეშმაკის ბორბალზე“ და წარწერა "თბილისი" ფუნიკულიორზე: დაგეგმილი სიახლეები >>

ინიციატივა ეკუთვნის ერთ-ერთ თბილისელს, რომელმაც მიმართა ქალაქის მთავრობას პროექტის ფარგლებში „შენი იდეა ქალაქის მერს“. მერს კახა კალაძეს იდეა მოეწონა, მაგრამ იმის გამო, რომ მთაწმინდა ქალაქის ისტორიულ-კულტურულ ზონაში მდებარეობს, მან რჩევისთვის სპეციალისტებს მიმართა.

კალაძე: თბილისში საფეხმავლო ხიდების კონსტრუქციები ვიზუალურად ცუდი და არაკომფორტულია

„ეს გახლავთ პროფესიონალი ადამიანებისგან შემდგარი საბჭო და მათი რეკომენდაციები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მესმის, რომ მამა დავითის ეკლესიაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. საბჭოს გადაწყვეტილებას ვეთანხმებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის „შენი იდეა ქალაქის მერს" ფარგლებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია სპეციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს საკუთარი იდეა ქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებასა და მოწყობასთან დაკავშირებით. პირველ ეტაპზე შეთავაზებულ იდეებს განიხილავს ვებ-გვერდის ადმინისტრატორი, მეორე ეტაპზე ის გადის კენჭისყრას, მესამე ეტაპზე მას უკვე მერი შეისწავლის, ხოლო მეოთხე ეტაპზე მერიის სტრუქტურები სწავლობენ იდეის განხორციელების შესაძლებლობას. 

მანამდე კალაძემ ორი იდეა მოიწონა. ერთ-ერთი იდეაა სხვადასხვა ლოკაციაზე ცხოველთა კვებისთვის განკუთვნილი აპარატების დაყენება, მეორე იდეა კი დედაქალაქში სისუფთავის დაცვას ეხება და თბილისის ყველა რაიონში პოლიეთილენის ბოთლების შესაგროვებელი ურნების, ე.წ. ბოთლიყლაპია აპარატების დამონტაჟებას გულისხმობს.