თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ევროკავშირი გამოუყოფს საქართველოს 45 მილიონ ევროს ფინანსური საჭიროებების დასაფარად, ასევე ეკონომიკური რეფორმების მხარდასაჭერად, ნათქვამია ევროკომისიის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ურთიერთგაგების შესაბამისი მემორანდუმი, რომელიც მაკროფინანსურ დახმარებას გულისხმობს, ხელი მოაწერეს ევროკომისიამ და საქართველოს ხელისუფლებამ. მემორანდუმი გათვალისწინებულია ასოცირების ხელშეკრულებით, რომელიც საქართველომ და ევროკავშირმა 2014 წელს გააფორმეს და რომლის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ.
„საქართველომ გამოავლინა ძლიერი და მტკიცე მისწრაფება ეკონომიკური რეფორმებისადმი, რასაც ევროკავშირი თანმიმდევრულად უჭერს მხარს. ეს შეთანხმება მოიცავს პოლიტიკურ ღონისძიებებს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკას გახდეს უფრო მდგრადი, უფრო ძლიერი და ასევე ინკლუზიურ ზრდას მისი მოქალაქეების კეთილდღეობისთვის“, — განაცხადა ევროკომისარმა ეკონომიკასა და ფინანსებში პიერ მოსკოვისმა, ნათქვამია პრესრელიზში.
დახმარების მიზანს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერება სახელმწიფო ფინანსების მართვის, საფინანსო სექტორის, სოციალური პოლიტიკისა, შრომის ბაზრის და ბიზნეს-გარემოს სფეროებში.
ხელშეკრულების თანახმად, დაახლოებით 10 მილიონ ევროს ევროკავშირი გრანტის სახით გამოყოფს, დანარჩენი 35 მილიონი იქნება საშუალოვადიანი კრედიტი მისაღები ფინანსური პირობებით.
Fitch-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი შეუნარჩუნა >>
ამ სფეროებში მხარდაჭერით ევროკავშირი ეხმარება საქართველოს ჩაუყაროს საფუძველი მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის, აღნიშნულია განცხადებაში.
ევროკავშირი გამოყოფს ფინანსურ დახმარებას მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი მემორანდუმის რატიფიცირებას მოახდენს.