თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერიამ შეაჩერა სასტუმროს მშენებლობა კუს ტბის მიმდებარე ტყის ტერიტორიაზე, ნათქვამია დედაქალაქის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ქალაქის ხელისუფლებამ მშენებლობის ნებართვა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ შეაჩერა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები გააგრძელა.
„ზედამხედველობის სამსახურში შემოვიდა შეტყობინება და რეაგირება მყისიერად მოხდა. აღნიშნულ ობიექტზე სამშენებლო ნებართვა არ არსებობს. ადრე იყო გაცემული და ამჯერად ნებართვა გაბათილებულია. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია მსგავს ადგილებზე სამშენებლო პროექტების განხორციელება, მითუმეტეს კუს ტბის ტყეში“, — განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძემ თავის მოადგილეებს დაავალა, ტერიტორიის მესაკუთრეს სასტუმროს ასაშენებლად სხვა ტერიტორია შესთავაზონ.
„მე, რა თქმა უნდა, მესმის მეპატრონის, ვისაც ეს მიწა თავის დროზე ნაყიდი აქვს. მისი ინტერესიც არ უნდა დავაზიანოთ. ჩემს მოადგილეებს ვავალებ, რომ დღესვე დაუკავშირდნენ მას და დაიწყონ საუბარი ადგილმონაცვლეობაზე. არსებობს რაღაც პრინციპები, რომელსაც არ უნდა ვუღალატოთ. ჩვენ ქალაქის განვითარების და მშენებლობის მომხრე ვართ, მაგრამ არა ისეთ ადგილებზე, რომლებიც ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, — განაცხადა კახა კალაძემ.
კუს ტბაზე სამშენებლო სამუშაოების შესახებ შეტყობინება მერიის ცხელ ხაზზე ოთხშაბათს შევიდა. ადგილზე ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მისვლის შემდეგ სამუშაოები შეჩერდა. დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ კომპანიის მიმართ კანონით გათვალისწინებულ ზომები იქნება მიღებული.