ინციდენტი წყალტუბოში: პროკურორმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი სცემა

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პროკურორი დაკავებული თანამდებობიდან გადააყენეს.
Sputnik

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ პროკურატურისა და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს შორის წყალტუბოში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის 24 აგვისტოს წყალტუბოში პროკურორი გ.შ. ფიზიკურად გაუსწორდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე გ.მ.-ს. კონფლიქტის შედეგად გ.მ.-მ მიიღო სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება. პროკურატურის ცნობით, პროკურორმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე უმისამართოდაც გაისროლა.  

„გ.შ.-ს მიერ დანაშაულის ჩადენის დამტკიცების შემთხვევაში ფაქტს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და გატარდება კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება. ამის გარდა, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება პროკურორისთვის შეუფერებელი საქციელის ჩადენის ფაქტზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე მოქალაქე თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ასეულის მეთაურია.

უწყების ცნობით, საქართველოს მთავარი პროკურორის შალვა თადუმაძის 2018 წლის 27 აგვისტოს ბრძანებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გ.შ. დაკავებული თანამდებობიდან გადააყენეს.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პროკურორი ამ დრომდე არ დაუკავებიათ.