ბათუმში ტონამდე ვადაგასული ხორცი აღმოაჩინეს

შპს „ბაკური“ მსგავსი დარღვევებისთვის არაერთხელ არის დაჯარიმებული.
Sputnik

თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. ბათუმში ერთ ტონამდე ვადაგასული ხორცი აღმოაჩინეს, იუწყება აჭარის ტელევიზია.

„ხორცის დოკუმენტური შემოწმების  შედეგად დადგინდა, რომ პროდუქტი ვადაგასული იყო. ხორცი დაილუქა და უნდა განადგურდეს“, — განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა ბიძინა ჯიბლაძემ.

სად ინახავენ ბათუმში საკვებად გამოუსადეგარ ხორცს

ბიზნესოპერატორი შპს „ბაკური“ 500 ლარით დაჯარიმდა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გადამალული ხორცი კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დააფიქსირა. 

კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის მერაბ ღოღობერიძის განცხადებით, შპს „ბაკური“ მსგავსი დარღვევებისთვის არაერთხელ არის დაჯარიმებული.

„ჩვენთვის გაუგებარია, რატომ მოხდა ამ ბიზნესოპერატორის განმეორებით დაჯარიმება 500 ლარით, ჩვენ ვაპირებთ ამასთან დაკავშირებით მივმართოთ პროკურატურას“, — აღნიშნა მერაბ ღოღობერიძემ.

ბათუმში დამზადებულ ბლინებში ცხენის ხორცი აღმოჩნდა: კომპანია მომწოდებლის დაჯარიმებას ითხოვს >>

მისი თქმით, კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი ასევე გეგმავს მიაწოდოს ეს მასალები ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციას, რათა კონკრეტული პირების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.