თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ვარკეთილში მიმდინარე წლის 8 აგვისტოს მომხდარი დანაშაულისთვის ძებნილი 29 წლის მამაკაცი გარდაბანში დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულმა შურისძიების ნიადაგზე 41 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან მისსავე საცხოვრებელ კორპუსში მოკლა. მკვლელობის დროს სადარბაზოში შემთხვევით შესული 48 წლის ერთი პირი კი დაჭრა. დანაშაულის შემდეგ ბრალდებულმა მოკლული მამაკაცის 33 წლის მეუღლე გაიტაცა.
პოლიციამ გატაცებული ქალი თბილისში, მნათობის ქუჩის ტერიტორიაზე მომხდარიდან რამდენიმე საათში იპოვა. მას სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მასმედიასა და სოციალურ ქსელში მომხდარის სხვადასხვა ვერსიაზე მსჯელობენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბოროტმოქმედს, რომელიც საპატიმროდან ახალი გამოსული იყო, დიდი ხანია მსხვერპლის ცოლი უყვარდა.
უწყების ინფორმაციით, მკვლელობის თვითმხილველის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 108-ე მუხლით, 19-109 მუხლის პირველი ნაწილით, 143-ე მუხლის მეორე ნაწილით, 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 237-ე მუხლის პირველი ნაწილით („განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, მისი შენახვა-ტარება, და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთა“) მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს 11-დან 14 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.