შავი ზღვის უნივერსიტეტმა ჯარიმა გადაიხადა – სტუდენტების ბედი კვლავ უცნობია

სტუდენტები პრემიერ-მინისტრს უნივერსიტეტში შექმნილი ვითარების პირად კონტროლზე აყვანას სთხოვენ.
Sputnik

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) ხელმძღვანელობამ 712 ათას ლარზე მეტი ოდენობის ჯარიმა გადაიხადა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ჯარიმის გამო, რომელიც უნივერსიტეტს ჯერ კიდევ 2013 წელს დაეკისრა, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის საბჭომ გასულ კვირაში შავი ზღვის უნივერსიტეტს მიმდინარე სასწავლო წელს სტუდენტების მიღება აუკრძალა. აღნიშნული გადაწყვეტილება საბჭომ იმით ახსნა, რომ ფინანსურმა დავალიანებამ, შესაძლოა, სასწავლო პროცესს სერიოზული პრობლემები შეუქმნას.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით შეეზღუდა

"უნივერსიტეტს მიაჩნია, რომ ეს თანხა არ უნდა გადაიხადოს. ჩვენ, პრაქტიკულად, დარწმუნებული ვართ, რომ ეს საკითხი სამართლებრივი გზით მოგვარდება, თუმცა ჩვენ ეს გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მივიღეთ, რომ დღეს სტუდენტების მიღებისთვის არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს", — განაცხადა ტელეკომპანიის ეთერში უნივერსიტეტის საგადასახადო კონსულტანტმა ოთარ გვაზავამ.

ჯერჯერობით უცნობია გააუქმებს თუ არა ავტორიზაციის საბჭო სტუდენტების მიღების აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, თუმცა სტუდენტებმა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ უწყებას უკვე მიმართეს და აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად ერთ დღე მისცეს.

გარდა ამისა, სტუდენტები პრემიერ მამუკა ბახტაძეს საქმეში ჩართვას და უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების პირად კონტროლზე აყვანას სთხოვენ.

"ჩვენ თხოვნით პრემიერსაც მივმართეთ, რათა იგი პირადად შეგვხვდეს და ჩვენგან მოისმინოს დეტალური ინფორმაცია იმ სიტუაციის შესახებ, რომელიც ამ ეტაპზე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ირგვლივ შეიქმნა. ჩვენ ასევე ვთხოვეთ, რომ ის პირადად ჩაუდგეს სათავეში ამ პროცესებს და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შეხვდეს და გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება სთხოვოს", — განაცხადა ტელეკომპანიის ეთერში სტუდენტმა ნინო ცალაძემ.

საქართველოში უმაღლესი სასწავლებლების რიცხვი შემცირდა

2018 წლიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ადრე მოქმედი სამი სტანდარტის ნაცვლად, ახალი, ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი შვიდი სტანდარტით უწევთ ავტორიზაციის გავლა. ექსპერტთა ჯგუფმა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აპრილის ბოლოს შეამოწმა, რის შემდეგაც მომზადდა დასკვნა, რომლის თანახმად, უნივერსიტეტს ავტორიზაცია ექვსი წლის ვადით გაუგრძელდა.

ამასთან უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი IBSU-ში წინა წლებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.

ამ დროისთვის შავი ზღვის უნივერსიტეტში ორი ათასამდე საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტი ირიცხება და 400-მდე კვალიფიციური კადრია დასაქმებული.